აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაციამ რუსთაველის თეატრში გამართულ, წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად მოღვაწე 18 ემიგრანტი დაჯილდოვდა.

წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონია საერთაშორისო დიასპორული ორგანიზაცია „დიასპორის სახლის“ ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.

წელს პატივი მერგო, პირადად დამეჯილდოებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი თამარ მიქაძე. იყო აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტი, ეს არის განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც მშობლიურ კუთხეში მისვლის შეუძლებლობას, საქართველოსგან მოშორებით ცხოვრებას კიდევ უფრო ძნელს ხდის და მიუხედავად ამისა, მაინც რომ შეძლებ იყო წარმატებული, გამოადგე ქვეყანას, შენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობას უცხო ქვეყანაში შეუწყობ ხელს ქართული ფესვებისა და სულის განმტკიცებაში, გაძლიერებაში, ეს უდიდესი საქმე და სამშობლოს უძლიერესი სიყვარულია.

მეამაყება საქართველოს ასეთი წარმატებული შვილები, მადლობას ვუხდი ქალბატონ თამარს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიყვარულისთვის, ვუსურვებ წარმატებებს თავის საქმიანობაში და მჯერა, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის გამარჯვება, ჩვენი უმთავრესი ოცნების - საქართველოს გამარჯვებისა და გაერთიანების საწინდარი იქნება." - დავით ფაცაცია