აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილთათვის უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრო, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს ოფთალმოლოგის კონსულტაციები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაზე, წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

სათვალეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიისგან“(International Human Rights Commission) ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო.

“ჩვენი სამინისტროს ძირითად პრიორიტეტს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით ჩვენ სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მეტი ღონისძიებების განხორციელებას აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისა და მათი მხარდაჭერისთვის.“ - დავით ფაცაცია.