მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
დავით ფაცაცია მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციასთან არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს I-ის მიწვევით, საქართველოს პატრიარიქის - ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

პანაშვიდი ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით ყოვლადუწმინდესმა მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციასთან არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღასრულა. პანაშვიდის შემდგომ, მსოფლიო პატრიარქმა ქართულ დელეგაციას მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში უმასპინძლა.

მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ კავშირებს. აღინიშნა მსოფლიო პატრიარქის განსაკუთრებული როლი და თანადგომა საქართველოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების დროს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ეკლესიას შორის არსებულ სულიერ ერთობას.

„ეს დღე ჩემთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო. დასაფასებელია ყოვლადუწმინდესის უშუალობა და უბრალოება. დიდ მადლობას ვუხდი მას გულითადი მიღებისთვის და განსაკუთრებული სიყვარულისთვის, რომელსაც ის იჩენს ქართველების მიმართ.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

დღეს გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ მსოფლიო საპატრიარქო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროგრამების კოორდინატორი ბესიკ სილაგაძე.