აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამუშაო შეხვედრები იმერეთის რეგიონში განსახლებულ დევნილებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დავით მიქავა, გიორგი ბულისკერია და სამმართველოს უფროსი რომან კოკაია მიმდინარე წლის 8 ნოემბერს იმყოფებოდნენ ქ. ქუთაისში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში, მიმდინარე და აქტუალური საკითხების ადგილზე განხილვის მიზნით.

   წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. პირველ ეტაპზე 2 რვასართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.

აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა დავით მიქავამ და გიორგი ბულისკერიამ მშენებლობის ადგილი მოინახულეს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ახორციელებს.  წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს  მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ მიეწოდა დამატებითი ინფორმაცია. კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდგომ, წყალტუბოში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრება.

ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბატონ ვახტანგ ყოლბაიას დავალებით, ქ. წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობაში შეხვდნენ ბატონ ვახტანგ ასლანიკაშვილს, მისი ოჯახის წინაშე მდგარი საჭიროებების შეფასებისა და მისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევის მიზნით.