აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად თბილისში, ყოფილი 165-ე ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, ყოფილი 165-ე ბაგა-ბაღის კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და შპს „უშბა დისტილერის“ მხარდაჭერით ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 34 ოჯახს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა.

მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, მოისმინა მათი სოციალური პრობლემები და კორპუსში ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უფროსი დავით ძალამიძე და შპს „უშბა დისტილერის“ დირექტორი დიმიტრი აბესაძე იმყოფებოდნენ.