აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სენაკში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

დღეს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ერთობლივი ორგანიზებითა და ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქ. სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში აფხაზეთიდან დევნილი, 15-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის საზაფხულო სკოლა გაიხსნა.

საზაფხულო სკოლის გახსნით ღონისძიებას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი – სალომე დოლიძე, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერ – ვახტანგ გადელიასთან, მის პირველ მოადგილე – გრიგოლ ბაღათურიასთან, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორ – ნინო ჯანჯღავასთან და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები არიან - ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-10 საჯარო, სენაკის მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლებისა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეიძენენ და განივითარებენ ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორიც არის - პრობლემის გადაჭრა, ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, სტრესის მართვა, პროექტის წერა და სხვა. პროექტის მიზანია - მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების გაღვივება, მოზარდთა თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, მოსწავლეებში STEM-ის მიმართულებით ინტერესის აღძვრა, ქვეყნის ისტორიის და ეთნოგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი და მეგობრული გარემოს შექმნა.