აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და თანამშრომლებისგან რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, მათ შორის სოციალურად დაუცველი დევნილებისათვის დახმარების გაცემის წესის შესახებ.

   „საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და გალის რაიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყურადღება გამახვილდა ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და სხვა არსებულ პრობლემებზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დევნილების კომპაქტურ ჩასახლებებში მცირეფასიანი/ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიმდინარეობაზე და ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
     შეხვედრისას გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მერიასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი.
სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.