აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
2024 წლის 10 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

მთავრობის თავმჯდომარე სხდომაზე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასპარეზზე, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა.

„საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა. სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებების სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების და უსაფრთხოების, საკუთრებისა და თავისუფლად გადაადგილებების უფლებები. აღნიშნული გადაწყვეტილება თავისი არსით წინგადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დევნილი საზოგადოების ლეგიტიმური უფლებების დაცვის, სამართლიანობის აღდგენისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების სამშვიდობო და თანმიმდევრული პოლიტიკით, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ასევე, აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მთავრობის წევრებმა სხდომის ფორმატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ 2024 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები.