2015-04-20
ვახტანგ ყოლბაია: აფხაზები დღეს თუ არა ხვალ გაიგებენ, ხვალ თუ არა ზეგ მიხვდებიან, რამდენად სწორია, ის რასაც ქართული მხარე მათ სთავაზობს

 

ახლახან, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს დელეგაცია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიასა და საფრანგეთში სწორედ ამ თემებზე ვთხოვეთ ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ ვახტანგ ყოლბაიას.

 

- ბატონო ვახტანგ, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია თქვენი ორი მოგზაურობის შესახებ უცხოეთში. როგორ ჩაიარა აფხაზეთის მთავრობისა  და უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ვიზიტებმა იტალიასა და საფრანგეთში. ეს თქვენი პირველი გასვლა არ არის უცხოეთში. რას ემსახურება ეს ვიზიტები? რა შეხვედრები გქონდათ და როგორ ხვდებიან თქვენს დელეგაციებს უცხოეთში?

- დავიწყებ იტალიით, რადგან სწორედ იტალიაა ჩვენთვის ყველაზე რთული ქვეყანა იმ თვალსაზრისით, რომ აქ აფხაზები მუხლჩაუხრელად მუშაობენ ეგრეთწოდებული, დამოუკიდებელი ქვეყნის  სტატუსით. თავიანთი პირადი თუ სხვა კონტაქტებით აფხაზები ახერხებენ უკანონო ხელშეკრულებების დადებას  იქაურ პროვინციებთან. რა თქმა უნდა, ამას  ეწინააღმდეგება ჩვენი საგარეო საქმეთა სამინსიტრო, საქართველოს საელჩო იტალიაში, მაგრამ აფხაზეთის მთავრობის მუშაობის გააქტიურებაც აუცილებელია. ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმ ოფიციალურმა შეხვედრებმა, რომელიც ფლორენციაში გვქონდა. შეხვედრები მოეწყო ფლორენციის მერიის ხელმძღვანელობასთან, სხვადასვა პროვინციების  თუ საგარეო ურთიერთობათა ადმინისტრაციის  პირებთან. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა კიდეც ის ინტერესი, რომელიც მათ გამოიჩინეს ჩვენი პრობლემების მიმართ. ბევრი ვისაუბრეთ კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობასა და მისი გადაწყვეტის გზებზე, დევნილთა დაბრუნების საკითხებზე, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობის დაცვის, ახალგაზრდების, ბავშვების განათლების, უმუშევრობის და მრავალ სხვა თემაზე. დავსახეთ სამომავლო ურთიერთობებიც. ისიც უნდა ვთქვა, რომ ტოსკანის მხარისთვის კონფლიქტური სიტუაციები  არ არის უცხო. მართალია, ეს ისტორიას ჩაბარდა და საბოლოოდ  ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ  ნაწილობრივ, ჩვენი კოფლიქტის მიმართ დეტალური დაინტერესება, შესაძლოა ამითაც იყო გამოწვეული.

- როგორ მოხდა თქვენი მიწვევა?

- ჩვენი მიწვევა „რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის"  საშუალებით მოხდა, რომელიც ძალიან შეძლებული ორგანიზაცია გახლავთ და ხუთივე კონტინენტზე წარმატებულად მუშაობს.  ძალიან მნიშვნელოვანია, აფხაზებმა გააცნობიერონ, რომ ორივე მხარემ უნდა გამოვიყენოთ კულტურული მემკვიდრეობის შენრჩუნებისა და მისი მოვლის გამოცდილება, რაც კერძოდ ამ ფონდს და ფლორენციას გააჩნია. მაგალითდ, ჩვენ „ვორკშოპებზე" ვართ მიწვეულნი, აქ სომხებიც და აზერბაიჯანელებც არიან წარმოდგენილი „ვორკშოპებში" მონაწილეობისთვის. როცა ამას ლეგალური ხასიათი აქვს, ბუნებრივია, არ მოხდება მათი ხელმოწერების ვინმეს მიერ განადგურება. სწორედ აქ,  ქართველებთან ერთად აფხაზებსაც  და ოსებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. იქ არავინ კრძალავს აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს კულტურული მიღწევების გატანას უცხოეთში. იმის თქმა მინდა, რომ ერთობლივად მეტის მიღწევა შეგვიძლია, ვინაიდან  აფხაზეთი საქართველოა, რასაც  არაღიარების  პოლიტიკით მოწინავე მსოფლიო საზოგადოება ადასტურებს.  ასე უფრო მეტს მივაღწევთ, ვიდრე ცალკე, დაუკითხავად სხვადასხვა პროვინციებში უკანონოდ დადებულ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერით, რისკენაც აფხაზები ასე მიილტვიან. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხები არ გახლავთ. აფხაზებს პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური სიკეთე და სარგებელიც აინტერესებთ, რომლის მიღებაც სურთ, როგორც ეგრეთწოდებულ დამოუკიდებელ ერთეულებს. ეს კი სრულიად მიუღებელი, ნეგატიური და არაადეკვატურია, რაც მთავარია, ასე მოგვარებული საქმე ჩაშლისთვის განწირულია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით, იტალიის მთავრობამ დაავალა  პროვინციებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არ ჩაერთონ ამგვარ ღონისძიებებში, აიკრძალოს და გაუქმდეს ასეთი ხელშეკრულებები. აფხაზები დღეს თუ ხვალ მიხვდებიან, რომ ჯიუტად იმ კარის მტვრევა, რომელიც მათთვის ღიაა, წამგებიანია, როგორც ერის კულტურის თვითმყოფადობის განვითარებისათვის, ისე ენის შენარჩუნებისათვის.

და ბოლოს, ერთსაც დავამატებდი - აფხაზი ბავშვები, აფხაზი ახალგაზრდობა გვინდა ჩავრთოთ იტალიური ფონდის საქმიანობაში, რომ გახდნენ თანამოზიარე იმ სიკეთისა და სილამაზისა, რომელსაც მსოფლიოს კუტურული მემკვიდრეობა ფლობს. სამწუხაროდ, აფხაზი ახალგაზრდობა  მოწყვეტილია ამ ღირებულებებს პოლიტიკური საკითხების გამო. ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ ისინი და მერწმუნეთ, არ დავიღლებით შეთავაზებით. იმედი მაქვს, აფხაზები მიხვდებიან, რამდენად სწორია, ის  რასაც ქართული მხარე მათ სთავაზობს. დადგება დრო, როცა ისინი ჩვენს ძალისხმევას დააფასებენ და მოვლენებს სხვაგვარად შეხედავენ.

- ბატონო ვახტანგ, ორი სიტყვით, იქნებ საფრანგეთში თქვენი მოგზაურობის შესახებც გვიამბოთ?

- საფრანგეთში ჩვენი ვიზიტი  ძალიან საპტიო და მნიშვნელოვანი გახლდათ, რომელიც არზაყან ემუხვარის სახელს უკავშირდება.

არზაყან ემუხვარი  აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარე გახლდათ. 1919 წლის 20 მარტს აფხაზეთის სახალხო კრებამ არზაყან ემუხვარის ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთი ადგილი მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაშია. ეს არის მთავარი, ლეგალური დოკუმენტი, სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მსოფლიოს და მათ შორის, აფხაზებსაც ველაპარაკებით. ეს  სამართლებრივი ნორმა გვეუბნება,  რომ აფხაზეთი  საქართველოს შემადგენელი ნაწილია. არზაყან ემუხვარი ამბობდა: „მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ფიქრიც კი იმის შესახებ, რომ აფხაზეთი საქართველოს გარეშე შეიძლება წარმოვიდგინოთ".   ზოგადად,  რბილი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ როცა  გადაწყვეტილებას იღებდა და სიმართლეში დარწმუნებული იყო, შეუვალი გახლდათ. ამიტომაც  აფხაზეთის დღევანდელი  მთავრობა, იმ მთავრობის სამართალმემკვიდრედ ითვლება, რომელსაც არზაყან ემუხვარი ხელმძღვანელობდა. ჩვენი სურვილი იყო, მისი 135 წლის იუბილე გამორჩეულად აღგვენიშნა, საზოგადოებას სცოდნოდა,  განსაკუთრებით ახალგაზრდობას, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რას გვეუბნება ჩვენი ყოფიერების უახლესი ისტორია.  პრემიერ-მინისტრმა, ქალაქის მერიამ და საკრებულომ ჩვენ წინადადებას მხარი დაუჭირა და  თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა ემუხვარის სახელი, რომლის კეთილმოწყობასაც ქალაქ თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად ახლა  შევუდექით.  ამავდროულად,  ქალაქის მერიამ  სახსრები გამოგვიყო, რომ შევქმნათ დოკუმენტური მასალა არზაყან ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ეს შეიძლება იყოს წიგნი ან სხვა რაიმე თვალსაჩინო მასალა.  ამ საკითხების მოგვარებაში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენმა საელჩომ და ქართულმა სათვისტომომ საფრანგეთში. მოხერხდა ჩვენი ჩასვლა ლევილში; წმინდა ნინოს ეკლესიაში მოეწყო პარაკლისი და გადავიხადეთ არზაყან ემუხვარის  სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. აქ იგალობა ეკლესიასთან არსებულმა ქართულმა გუნდმაც, რაც ძალიან ემოციური მოსასმენი გახლდათ ამ დიდი ადამიანის განსასვენებელთან შორეულ საფრანგეთში. აფხაზეთის ხელისუფლების, სათვისტომოს და   საელჩოს სახელით გვირგვინით შევამკეთ საფლავი და პატივი მივაგეთ  აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის  ხსოვნას.    ვიყავით ლევილის შატოშიც, სადაც  ემუხვარის შთამომავლები ცხოვრობენ. მოვინახულეთ ხალხი, რომელიც დღემდე სათუთად ინახავს ქართულ რელიქვიებს.  ჩვენი დიასპორის მინისტრთან, გელა დუმბაძესთან ერთად,   ვიყავით ქართულ სკოლაშიც, სადაც მინისტრმა შესანიშნავი გაკვეთილი ჩაატარა. მადლობა მინდა გადავუხადო ოთარ ზურაბაშვილს, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა უმაღლეს დონეზე ჩატარებულიყო  ჩვენი ვიზიტი საფრანგეთში.

Abkhazia News