29 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სტუმრად იმყოფებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის" თოქ-შოუში „არგუმენტების დრო". გადაცემის თემა იყო აფხაზეთში განვითარებული მოვლენები.
„ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მსოფლიო თანამეგობრობასთან ურთიერთობა, სხვა გზა რუსეთთან გამკლავებისთვის არა გვაქვს. რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ისე, რომ მან უკრაინის მსგავსი ნაბიჯები არ გადადგას საქართველოს მიმართ";
„მნიშვნელოვანია კულტურული, პოლიტიკური ურთიერთობა აფხაზეთთან, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რადგან ამის გარეშე სერიოზული წინსვლაზე ფიქრი რთულია და წარმუდგენელიც. საქართველოს ხელისუფლებას აქვს რამდენიმე საშუალება, რომლებიც საქართველოს შეუძლია კონფლიქტის მოგვარებაში გამოიყენოს";
„აფხაზი ხალხის უმრავლესობას სურს, რომ აფხაზეთს მართავდეს მკაცრი, მძიმე ხელი. მაგრამ აფხაზეთში ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სიტყვის თავისუფლება. ამის მაგალითად უხუცესთა საბჭოც გამოდგება, რომელიც ცდილობდა თავისი აზრის გამოხატვასა და მის საქმედ ქცევას";
„აფხაზები არ არიან ყურმოჭრილი მონები, ისინი თითის ერთ დაქნევაზე არავისთან მიდიან, როგორც ფარა მიყვება ერთ ყოჩს. სწორედ ამიტომაც, აფხაზეთში არ არის ყველაფერი ისე, როგორც რუსეთს სურს";
„არც არძინბას და არც ბაგაფშს არ გაუტარებია ის პოლიტიკა, რომელიც რუსეთისთვის ბოლომდე მისაღები იყო. რუსეთს სურს, რომ მას უყოყმანოდ დაეთანხმონ, მაგრამ ასეთ კაცის გამონახვა აფხაზეთში ძალიან რთულია";
„გალის მოსახლება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მინდა მივმართო მათ, რომ არ წამოეგონ პროვოკაციას, პანიკას, შიშს თავი არ დაუხარონ. სიტუაცია რა თქმა უნდა მძიმეა, მაგრამ არა ისეთი, რომ პანიკას მივეცეთ. გალელები მშვიდი და ბრძენი ხალხია. ისინი იღებდენენ და ახლაც მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირველ რიგში ჩვენს სახელმწიფოებრიობას უწყობს ხელს და, ამავე დროს, არ გაამწვავებს ურთიერთობას აფხაზებთან";
„შეუძლებელია გალის მოსახლეობის ჩაკეტვა. ისე როგორც წყალს ვერ გააჩერებთ საცერში, ასე ვერ გააჩერებენ გალელების მოძრაობას. იქ მილიონი საშუალებაა იმისათვის, რომ ხალხი ერთმანეთთან მივიდეს, აფხაზი მივიდეს ქართველთან და პირიქით. 21 წელია მათ ჩაკეტვას ცდილობენ, მაგრამ დღემდე არაფერი გამოუვიდათ.";
„მართალია ერთმანეთთან დაახლოების პროცესი ადგილიდან არ დაძრულა, მაგრამ მაინც არსებობს დიალოგი, ცუდი ხარისხის, მაგრამ მაინც არსებობს. დღეს თუ რუსეთმა გადაწყვიტა ხიდის ჩაკეტვა და თავისთვის წამგებიანი ნაბიჯი გადადგა, მერწმუნეთ, ადამიანიების მოძრაობის პროცესს მაინც ვერ გააჩერებს";
„მინდა გალელებს ვუთხრა, რომ ისინი ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ, მაგრამ მათ უნდა შეინარჩუნონ ის განწყობა, რითაც ფონს მუდამ გადიოდნენ, ვფიქრობ, ახლაც იგივე გამეორდება";
„აფხაზები ჩვენთან დიალოგზე მოდიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთში, ისიც ამას შეეცდება, მაგრამ არავინ დაძაბავს სიტუაციას იქ, სადაც დასაძაბი არ არის";
„ის უძრაობა, რაც გვქონდა 2 წლის წინ რუსეთთან ურთიერთობაში 9 წლის მანძილზე დასრულდა. დღევანდელი ურთიერთობები უფრო მომგებიანი და შედეგიანიცაა. ცხრა წლის მანძილზე ერთი ადგილის ტკეპნას ის მოჰყვა, რომ აფხაზეთის საკითხების მოწესრიგებისთვის არც ერთი პრაგმატული ნაბიჯი არ გადადგმულა"; - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ „მეორე არხის" პირდაპირ ეთერში.
გადაცემა სრულად: