2016-02-15
ვახტანგ ყოლბაია: ახალგაზრდობა ჩვენი ინტელექტუალური სიმდიდრე და მომავლის ინვესტიციაა

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მთავრობა აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე სტუდენტთათვის სტიპენდიების დაწესებას აპირებს. აღნიშნულ საკითხზე უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას ვესაუბრეთ.

- ბატონო ვახტანგ, თქვენს ვებ-გვერდზე დაიდო წესდება ჟიული შარტავას და დიმიტრი ემუხვარის სტიპენდიის მომპოვებელთათვის. რა მიზანს ისახავს აფხაზეთის მთავრობის სახელობის სტიპენდიების დანიშვნა?

ცოტა შორიდან დავიწყებ თუ ნებას მომცემთ. ჩვენი მიზნები, რეფორმები, ჩვენი სტრუქტურების მიერ შემუშავებული ყველა სამოქმედო არეალი ერთ მიზანს ემსახურება. უწინარესად, როგორმე მოვახერხოთ, ყველა საშუალება გამოვიყენოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური პირობების გასუმჯობესებლად. ყველას მოეხსენება, რომ მათი მდგომარეობა არ არის სახარბიელო. დათრგუნული, ფუძეაყრილი, უმუშევარი ადამიანი, რომელსაც ყოველდღე სარჩო აქვს მოსაპოვებელი ოჯახის გამოსაკვებად, ნამდვილად არ უწყობს ხელს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებას. ვგულისხმობ აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და დაახლოების პროცესს. მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ჩვენ გაჩერების, ხელების ჩამოშვების, რაიმე მიღწევებით თავის მოწონების უფლება არა გვაქვს. ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა ავადმოსაგონარი დღეებიდან. გაიზარდა ახალგაზრდობა. ისინი უკეთესი ცხოვრებისკენ მიისწრაფვიან, ხედავენ მათ მშობლებს როგორ უჭირთ, რა რთულია დევნილი ადამიანის ხვედრი. შიში იმისა, რომ ჩვენი ყმაწვილები დაივიწყებენ აფხაზეთს, თავიანთ მშობლიურ კუთხეს, რეალურია. თანამედროვეობას მოაქვს თავისი მოთხოვნები და ცხოვრების წესი, რომელიც გაიძულებს ამ ტალღაზე გადაწყობას გინდა შენ ეს თუ არა. ბევრჯერ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ - ახალგაზრდობა დიდი ძალაა, რომელსაც ჩვენზე მეტის გაკეთება შეუძლია. უფრო გამომგონებელია, უფრო მოქნილია, სწრაფი აზროვნებით და სიტუაციის ადეკვატური შეფასების უნარით გამოირჩევა. მათთან ურთიერთობამ, ხშირმა შეხვედრებმა, აფხაზეთის თემაზე საუბრებმა ბევრი რამ მასწავლა მეც და მრავალ ჩვენგანსაც.

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში ძალიან ნიჭიერი თაობა იზრდება. იგივეს თქმა შემიძლია აფხაზ ახალგაზრდებზეც. მათში ვხედავ საუკეთესო მეცნიერებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, დიპლომატებს, ეკონომისტებს, იურისტებს და მრავალი სხვა სპეციალობის ადამიანებს, რომლებსაც ცითარების საუკეთესოსკენ შეცვლა შეუძლიათ.

ისინი გახლავთ ჩვენი ინტელექტუალური სიმდიდრე და მომავლის ინვესტიცია, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება, ზრუნვა, ხელშეწყობა, გზის გაკაფვა და, რაღა თქმა უნდა, სტიმული შემოქმედებითი ძიებისათვის. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მათი ფიქრის და ზრუნვის საგნად იქცეს აფხაზეთი. ვინ თუ არა ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები შეძლებენ ყველაზე უკეთ ურთიერთობის დათბობას, ჩატეხილის გამთელებას, ერთმანეთთან დაახლოებას. ამის მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს, რომლის დაკონკრეტებასაც ახლა არ შევუდგები, ვინაიდან ყოველმა ზედმეტმა სიტყვამ შეიძლება ამ პროცესს მხოლოდ ხელი შეუშალოს.

ერთი ყოველთვის მეორისგან გამომდინარეობს. მუდამ ასე იყო და ვფიქრობ, ამ მხრივ მომავალშიც არაფერი შეიცვლება.

დროს ვერაფერი შეაჩერებს, დღევანდელი ახალგაზრდები მალე მოწიფულ ადამიანებად იქცევიან. მათი შვილებისთვის კი აფხაზეთი შესაძლოა მხოლოდ შორეულ მოგონებად იქცეს. ამიტომ ჩვენი გმირების სახელები, რომელთაც საქართველოს სახელი გაუთქვეს მათთვის და მომავალი თაობებისთვის სამაგლითონი უნდა გახდნენ. მათი სახელობის სტიპენდიის დაარსებით ჩვენ სტუდენტებს აფხაზეთის თემაზე მუშაობის და ამ საკითხზე ჩაღრმავების საშუალებას ვაძლევთ. ჩვენ მათი კვლევები, მათი მიდგომები, მათი ხედვები გვაინტერესებს. ველით მათ გამოსვლებს კონფერენციებზე, საერთაშორისო სარბიელზე.

- საიდან მოხდება სტიპენდიანტების დაფინანსება და როდის შეუდგება კომისია მუშაობას?

რაც შეეხება სტიპენდიას, ვფიქრობ მის მოსაძიებლად საუკეთესო სტუდენტები ჩაერთვებიან. ჩვენი კომისია კი საკეთესოთა შორის საუკეთესოს შეარჩევს. რა თქმა უნდა, სტიპენდიებს ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს ჩვენი ბიუჯეტიდან. კომისიის ჩამოყალიბება თითქმის დასრულებულია. ვფიქრობ, აპრილის ბოლოს პირველ გამარჯვებულებს გამოვავლენთ. აქვე მინდა დავუმატო, რომ სკოლებისთვისაც გვაქვს მოფიქრებული საინტერესო პროექტები აფხაზეთის თემაზე, რომელზე მუშაობასაც, ვფიქრობ, ახალი სასწავლო წლის დადგომისთანავე შევუდგებით.

- რა გაქვთ ჩაფიქრებული უახლოეს მომავალში ახალგაზრდობისთვის, თუ შეგიძლიათ დღეს ამაზე საუბარი?

ვესწრაფვით ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების თავმოყრას მრგვალ მაგიდასთან, ერთობლივ სპორტულ ღონისძიებებზე ვფიქრობთ. გვინდა აფხაზი, ოსი და ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობით ფოლკლორულ კონცერტს გავუკეთოთ ორგანიზება. გვსურს საერთშორისო კონფერენციის მოწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო აფხაზი, ქართველი და ოსი ახალგაზრდები, არამედ ჩვენი რეგიონის და უცხოეთის სეპარატისტულად განწყობილი რეგიონებიც. ამ კონფერენციაზე ყველა კონცეფციას ექნება არსებობის უფლება და მისი სამეცნიერო განხილვა არავის პროტესტს არ გამოიწვევს. სხვა აქციებიც გვაქვს ჩაფიქრებული, რომელზეც წინასწარ ლაპარაკს მოვერიდები. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ჩანაფიქრი შედეგს მოიტანს, ახალგაზრდობა გამოგვყვება და ჩაფიქრებულ პროექტებს წარმატებით განვახორციელებთ.

 

მიხეილ ჭაბუკაშვილი
Abkhazia News