მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის თანადაფინანსება
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის თანადაფინანსება

მიზანი: ტურიზმის სექტორში ჩართული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიერ საოჯახო და მცირე სასტუმროების ეფექტიანად მართვისთვის თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ხელშეწყობა, ბენეფიციარებისთვის შემოსავლების სტაბილიზაცია და ტურიზმზე დაფუძნებული მცირე ბიზნესების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში დახმარება, ტურისტული მომსახურების ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

აღწერა: თანადაფინანსების ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ თანადაფინანსება საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად. მხარდაჭერა მოიცავს შესაბამისი პროგრამის შეძენისა და დანერგვის ხარჯების თანადაფინანსებას, რაც მიზნად ისახავს განთავსების ობიექტების მართვის ეფექტიანობის, სერვისის ხარისხისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის პროგრამული უზრუნველყოფის სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას. ბენეფიციართა თანადაფინანსება ხორციელდება რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის სრულ ამოწურვამდე.
თანადაფინანსება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა „გრანტად“ და მასზე არ ვრცელდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათები.

სამიზნე აუდიტორია: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ან ამავე კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი, რომლის 50% ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე პირი და რომელიც ოპერირებს ტურისტულ სექტორში, საოჯახო ან მცირე ზომის სასტუმროს (არაუმეტეს 10 ნომრისა) სახით და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;

წინაპირობები: პოტენციურ ბენეფიციარს მფლობელობაში უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ის უძრავი ქონება, სადაც განთავსებულია საოჯახო ან მცირე ზომის სასტუმრო (არაუმეტეს 10 ნომრისა). მფლობელობის ფორმა შეიძლება იყოს:

  • საკუთრება/თანასაკუთრება;
  • იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;

თანადაფინანსების პირობები: სამინისტროს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება:

ა) 5 ნომრამდე სასტუმროს შემთხვევაში არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით;
ბ) 5-დან 10 ნომრამდე არაუმეტეს 80%, მაგრამ არაუმეტეს 1800 ლარის ოდენობით;

პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს საკუთარი ფულადი სახსრები ან სესხი.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი) / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი);
გ) ბენეფიციარის / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განაცხადის წარმოდგენის მომენტამდე 1 წლის განმავლობაში განახლებული სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
მფლობელობის ფორმებია:

  • საკუთრება/თანასაკუთრება;
  • იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;

ე) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) შესასყიდ პროგრამულ უზრუნველყოფაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე;
ზ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

ბენეფიციარის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ):

ა) მიმწოდებლისთვის თანხის სრულად ანაზღაურების (ანგარიშსწორების) დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და მიმწოდებელსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
ბ) მიმწოდებლის მიერ ბენეფიციარისთვის გამოწერილი ანგარიშფაქტურა ან/და მიღება-ჩაბარების აქტი;
* პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება/ექსპლუატაციაში მიღება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება უნდა განხორციელდეს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში.
გ) შევსებული და ხელმოწერილი გადახდის მოთხოვნის ფორმის დასკანერებული ვერსია;
დ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.
* მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა განხორციელდეს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენა სამინისტროსთვის.

წესები და პირობები: 

  • განაცხადში მითითებული ინფორმაცია სწორი და უტყუარია;
  • გაცნობილია ვებ გვერდზე - www.portal.abkhazia.gov.ge გამოქვეყნებულ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის თანადაფინანსების“ პირობებს, შესაბამისობის კრიტერიუმებსა და თანადაფინანსების პირობებს;
  • ქვეპროგრამის კომპონენტის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია თანადაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ერთ ერთეულ პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტზე.
  • ქვეპროგრამის კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარისთვის თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
  • ქვეპროგრამის კომპონენტის ფარგლებში ერთ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდზე) თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
  • ქვეპროგრამის კომპონენტის ფარგლებში გაცემული თანადაფინანსება გულისხმობს პროგრამული უზრუნველყოფის უშუალო დანერგვის ხარჯების დაფინანსებას. ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას თავად დააფინანსოს სხვა ყველა თანმდევი ხარჯი, მათ შორის პროგრამის დანერგვისთვის საჭირო კომპიუტერული ან/და ტექნიკური აღჭურვილობის ღირებულება.
  • სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მესამე პირებთან ან/და სხვა არსებული წყაროების გამოყენებით;
  • იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა განაცხადში მითითებული ინფორმაციის ან მისი ნაწილის უზუსტობა, იქნება ეს განმცხადებლის მიერ განზრახ/გაუფრთხილებლობით ან/და მესამე პირ(ებ)ის მიზეზით მცდარი ინფორმაციის მითითება, სამინისტრო იტოვებს უფლებას უპირობოდ მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ განაცხადში მითითებული მცდარი ინფორმაციის მიზეზით სამინისტროს მიადგება მატერიალური ან/და არამატერიალური, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზიანი, განმცხადებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ზიანთან დაკავშირებით;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადის შევსებასთან ან/და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირდაპირ/არაპირდაპირ ხარჯზე;
  • განაცხადი არ შეიძლება განმცხადებლის ან/და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის მიერ განხილულ იქნეს, როგორც სამინისტროს რაიმე სახის პირდაპირი/არაპირდაპირი დაპირება;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ / არაპირდაპირ შედეგებზე;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ დანახარჯებზე.
  • ბენეფიციარის ნაცვლად ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და სამინისტროსთან ურთიერთობაში ბენეფიციარის წარმოდგენა შეუძლია მინდობილ პირს, ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
  • თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის ბენეფიციარი, რომელსაც 2025 წელს მიღებული აქვს გრანტი “მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის” კომპონენტის ფარგლებში ან წარმოადგენს 2026 წლის “მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის” კომპონენტის ბენეფიციარს.
  • თანადაფინანსების გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვერ ისარგებლებს 2026 წელს მიმდინარე “ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსებით”.

პროცედურა:

  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადის შემოტანა
  • სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, წარმოდგენილი ინფორმაციისა და თანდართული ფაილების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
  • შესაბამისობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება განაცხადზე უარი, გამომწვევ მიზეზებთან ერთად. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს თავიდან შემოაქვს განაცხადი.
  • შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
  • სამინისტროსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
    ხელშეკრულება ფორმდება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართზე: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის 15ა, II სართული) ან დისტანციურად, ელექტრონული კვალიფიკაციური ხელმოწერის გამოყენებით.
    სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ხელშეკრულების გაფორმების დროს, შესაძლებელია ბენეფიციარის ნაცვლად, ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს მინდობილმა პირმა, შესაბამისი, ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობის არსებობის შემთხვევაში.
  • ბენეფიციარი შეისყიდის პროგრამულ უზრუნველყოფას და გადახდის ქვითარს, სხვა თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად, წარუდგენს სამინისტროს.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, 5 სამუშაო დღის ვადაში, სამინისტრო უნაზღაურებს ბენეფიციარს თანადაფინანსების თანხას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დოკუმენტურ და საველე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.
განაცხადის შევსება