აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სტაჟირების პროგრამაში ჩართვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ახალგაზრდების მოზიდვა, მათი პროფესიული განვითარება და ჩვენს სტრუქტურაში ჩართულობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სტაჟირების პროგრამაც.
დარწმუნებული ვარ, სტაჟიორები თავიანთ შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენენ. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ სამთვიანი პროგრამით არ დასრულდეს და სამომავლოდაც გავაგრძელოთ ურთიერთობა“, - აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.
3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში 14 ახალგაზრდა დასაქმდა, რომლებიც უწყებების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან და პროფესიულ გამოცდილებას მიიღებენ.
გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა მრავალწლიანი კეთილსინდისიერი სამსახურისა და სამინისტროს საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით ორი თანამშრომელი დააჯილდოვეს:
• დარეჯან გაბესკირია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.
• ნინო ციხელაშვილი - სამინისტროს სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძეც ესწრებოდა. დაჯილდოების ცერემონია სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ციფრული ფესტივალის „ციფრული სოხუმი“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. სპექტაკლისათვის „ხანძარი“ საუკეთესო მხატვრობის პრიზი თამარ ჭავჭანიძეს გადაეცა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი ნინო ლეჟავა გახდა.
ფესტივალის დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ანა გიორგობიანი დაესწრო. ღონისძიებას გურჯაანის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა.
დასკვნით საღამოზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. ფესტივალის გრანპრის მფლობელი კი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „ხიდი“ გახდა.
დაჯილდოებას ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურის სამინისტროს, მონაწილე თეატრების წარმომადგენლები, მსახიობები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „ამბასადორი კაჭრეთის“ მხარდაჭერით განხორციელდა. წელს ხუთმა პარტნიორმა თეატრმა როგორც ციფრული პლატფორმებისთვის, ასევე ცოცხალი აუდიტორიის წინაშე ხუთი შერჩეული პიესა დადგა. სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, ვალერი ოთხოზორიას პიესის მიხედვით, ლაშა შეროზიას რეჟისორობით სპექტაკლი ,,ხანძარი" წარადგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ თეონა ხუფენიასთან ერთად, უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ცენტრის გახსნა მიულოცა და მისასალმებელ სიტყვაში, სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით, აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სამშვიდობო სწავლების ცენტრი, უნივერსიტეტში არსებული ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრის ბაზაზე, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა. ფესტივალთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არატრადიციული ენერგორესურსების შესახებ საგამოფენო და საინფორმაციო სივრცეები მოეწყო და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ქალაქ ზუგდიდის მერი დავით კოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
სამშვიდობო სწავლების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემისა და სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას, სამშვიდობო განათლების მიღებას და ამისათვის უნივერსიტეტისა და სხვა აკადემიური რესურსების გაერთიანებას. ცენტრის დაარსების ინიციატივა 2022 წელს გაჩნდა, როდესაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სამშვიდობო ცენტრი გაიხსნა. წელს, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, აღნიშნულ ინიციატივას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდნენ.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო სივრცეების როლს გაუსვა ხაზი.
სამშვიდობო ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ გახსნეს.
ახალი სივრცე სტუდენტებს, მკვლევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, ითანამშრომლონ სამშვიდობო მიმართულებით და ხელი შეუწყონ კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებას.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ მიმართეს.
ცენტრის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, პროფესორები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სამშვიდობო ცენტრების შექმნის ინიციატივა 2022 წელს დაიწყო, როდესაც პირველი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. წელს ინიციატივას ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდნენ.
ცენტრის მიზანია სამშვიდობო განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემისა და სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერება და ამ მიმართულებით აკადემიური რესურსების გაერთიანება.
სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ და კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, სამედიცინო ცენტრ აფხაზეთის გლდანის ფილიალში აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ კავკასიის მედიცინის ცენტრის სხვადასხვა პროფილის წამყვანი ექიმების კონსულტაცია, მათ შორის კარდიოლოგიის, არითმოლოგიის, ანგიოლოგიის, ურგენტული ქირურგიის, პროქტოლოგიისა და ჰემატოლოგიის მიმართულებით.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და „სამედიცინო ცენტრ აფხაზეთის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია, მათ ექიმებთან და ბენეფიციარებთან შეხვედრისას დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია სკრინინგის მიმდინარეობის, მოქალაქეების საჭიროებებისა და სამედიცინო მომსახურების შემდგომი მართვის შესაძლებლობების შესახებ.
დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სკრინინგი „სამედიცინო ცენტრ აფხაზეთისა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფარგლებში, 15 000 ლარამდე დაფინანსების მოსაპოვებლად, საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო.
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი აფხაზეთის ეკლესია-მონასტრების მეტოქიონებს საპროექტო განაცხადების შემოტანა შეუძლიათ შემდეგი მიმართულებებით:
1. მეტოქიონების ინფრასტრუქტურული მოწყობა; 2. საეკლესიო ინვენტარის შეძენა; 3. სხვა აუცილებელი საეკლესიო ატრიბუტიკის შეძენა; 4. საგანმანათლებლო სივრცისთვის საჭირო ავეჯისა და სასწავლო ინვენტარის შეძენა; წიგნებისა და საგანმანათლებლო ლიტერატურის შეძენა; 5. სასწავლო რესურსების მომზადება; 6. ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება; 7. ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების შესახებ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება.
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის, დალი ჭედიას ალბომის ,,აფხაზ-ქართველთა ფოტომატინე" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე გამსახურდიამ მიმართეს.
ალბომი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და მასში ქართული და ქართულ-აფხაზური ოჯახების არქივებიდან 200-ზე მეტი უნიკალური ფოტოა შესული. ნაშრომი XIX-XX საუკუნეების ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ მნიშვნელოვან ფოტოდოკუმენტურ კრებულს წარმოადგენს.
ღონისძიება მუსიკალურად აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,აფხაზეთმა" გააფორმა. პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, ქართველი მწერლები, ხელოვანები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ალბომის „აფხაზ-ქართველთა ფოტომატიანე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
პრეზენტაციაზე მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც შერიგების პროცესში მსგავსი კულტურული პროექტებისა და ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ესწრებოდნენ.
ალბომი პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორმა დალი ჭედიამ შეადგინა და მასში შესულია ქართული და ქართულ-აფხაზური ოჯახების არქივებიდან შეკრებილი 200-ზე მეტი ფოტო, რომელიც XIX-XX საუკუნეების ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ მნიშვნელოვან ფოტოდოკუმენტურ კრებულს წარმოადგენს.
უნიკალურ ფოტოებს ახლავს ქართულ და ინგლისურ ენებზე შედგენილი ტექსტები, რომლებიც საინტერესო ბიოგრაფიულ ცნობებსა და ისტორიულ ფაქტებს შეიცავს.
ფოტოალბომი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე „თბილისობა-2026“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც თბილისის მერიის ორგანიზებით გამართული გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა.
თბილისობის ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი დევნილი მეწარმეები მონაწილეობდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ მათ მიერ შექმნილ პროდუქციას და შეეძინათ სხვადასხვა სახის ნაწარმი.
დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა და პროდუქციის პოპულარიზაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
გაგრის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ, 1992 წლის ოქტომბერში, გაგრაში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. რამდენიმე დღეში კი, 5 ოქტომბერს სეპრატისტებმა და რუსმა ბოევიკებმა განთიადი და ლესელიძე აიღეს და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე ტერიტორია დაიკავეს. გაგრის აღების შემდეგ, აფხაზი სეპარატისტები ქალაქში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის ყოფილი მინისტრის, ღვაწლმოსილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, ქალბატონ მერი ჯანგველაძის გარდაცვალების გამო.
მერი ჯანგველაძე 1989–1994 წლებში აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იყო. მისი პროფესიული და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მისი მინისტრობის პერიოდი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს ეტაპს დაემთხვა - ომსა და მასობრივ იძულებით გადაადგილებას. ამ რთულ ვითარებაში იგი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ზრუნავდა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების შენარჩუნებასა და უწყების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე.
1993 წელს აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ მერი ჯანგველაძემ სამინისტროს საქმიანობა დევნილობაში განაგრძო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უწყების ინსტიტუციური უწყვეტობის შენარჩუნებაში.
მისი პროფესიული დამსახურება სახელმწიფომ სათანადოდ აღიარა - მერი ჯანგველაძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში გამოჩენილი ორგანიზატორული ნიჭის, მოქალაქეობრივი სიმამაცისა და თავდადებისთვის.
ქალბატონი მერი ჯანგველაძის გარდაცვალებით აფხაზეთის ჯანდაცვის სფერომ დაკარგა ღირსეული პროფესიონალი და სახელმწიფო მოღვაწე. მისი სახელი და პროფესიული მემკვიდრეობა აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თანაუგრძნობს მერი ჯანგველაძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და თანამოაზრეებს და უსამძიმრებს მათ ამ მძიმე დანაკარგს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით გამოფენა „ხიდი“ გაიმართა. ექსპოზიცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ნდობისა და მეგობრობის აღდგენას მიეძღვნა.
გამოფენილი ნამუშევრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ დაათვალიერა.
მინისტრმა გახსნის ღონისძიებაზე მოწვეულ დამთვალიერებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სადაც მსგავსი თემატიკის კულტურული ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის პროცესში ხელოვნებას შეუცვლელი ადგილი უკავია.
გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჯემალ ბასარია, მხატვრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ექსპოზიცია ფერწერის, გრაფიკის, აბსტრაქციის, გამოყენებითი ხელოვნების, ქანდაკებისა და ჭედური ხელოვნების ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს მოიცავდა.
ღონისძიებას საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„34 წელი გავიდა გაგრის დაცემის დღიდან. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მტკივნეულია ჩემთვის, პირადად ჩემი ოჯახისთვის, რადგან მამაჩემი ამ დღეს შეეწირა ქვეყნის ერთიანობას.
მაშინ დაღუპული ადამიანების თავგანწირვა და მომავლისთვის თავდადება ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებლობა იმისა, რომ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ის ნდობა, რაც აფხაზ დებთან და ძმებთან გვაკავშირებდა.
მე დარწმუნებული ვარ, ეს დღე მალე დადგება და მათ მიერ გაღებული მსხვერპლი, მშვიდობიანი მომავლის რწმენით, აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
გმირთა მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი ავტორების ხელშეწყობისა და აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნაწარმოებებისა და ნაშრომების გამოცემის მიზნით განაცხადების მიღებას იწყებს.
კონკურსის ფარგლებში განიხილება აფხაზეთიდან დევნილი ავტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები, ასევე აფხაზეთის თემატიკაზე მომზადებული ნაშრომები.
გამოსაცემი ნაშრომის შერჩევის კრიტერიუმების, წარსადგენი დოკუმენტაციისა და კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე.