აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

რუსლან აბაშიძე კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობდა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

საბჭომ საქართველოს დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის (დეგგკ) დოკუმენტი დაამტკიცა. აღნიშნული კონცეფცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, როგორც საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩარჩო დოკუმენტი და მიზნად ისახავს 2050 წლამდე ქვეყნის დაბალემისიიანი განვითარებისთვის საჭირო ხედვისა და პრინციპების ჩამოყალიბებას.

კონცეფცია სრულ თანხვედრაშია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციასთან, პარიზის შეთანხმებასთან, კლიმატის ნაწილში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს ხედვას სათბურის გაზების ეროვნული ემისიების შემცირებისა და შთანთქმის გაძლიერების კუთხით.

სხდომას საქართველოს მთავრობის წევრები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ფაცაცია გურჯაანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა
გრძელდება შეხვედრები აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გურჯაანის დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
 
შეხვედრაზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სამინისტროს წარმომადგენლებთან, განსახლების ადგილებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს - ძირითად საჭიროებად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა.
 
იძულებით გადაადგილებული პირებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, გურჯაანში დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით განხორციელდება.
 
დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, გურჯაანის მერის მოადგილე ლერი გელენავა, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლებს საბიბლიოთეკო სივრცის მოსაწყობი ავეჯი გადაეცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, 2022 წელს აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლებში თურქული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა დაიწყო.
 
სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საელჩოს ინიციატივითა და თურქეთის ავიახაზების მხარდაჭერით, ორივე სკოლას საბიბლიოთეკო სივრცისთვის საჭირო ავეჯი გადაეცა.
 
სკოლებისთვის ავეჯის გადაცემას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში სუათ კოლუკილიკი და თურქეთის ავიახაზების გაყიდვებისა და ოპერაციების მენეჯერი თარიკ სანჯაკთუთანი ესწრებოდნენ.
„წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის I ეტაპის განხორციელება იწყება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის I ეტაპის განხორციელებას იწყებს.

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები. თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:

  1. 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );
  2. 700 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90% დან 98%);
  3. 1125 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99% და 100%);
  4. 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში; სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. 

    მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.

    განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge და ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. №68

    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 598 17 41 78; 577 09 22 39. 

    იხ. ვრცლად: https://bit.ly/3Y3abWc

    იხ. განცხადების ბლანკი: https://bit.ly/3QApYbE

მორიგი შეხვედრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან

დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, რუსთავის მერიაში, რუსთავის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და მიღწეულ შედეგებთან ერთად სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის მიმდინარეობისას, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია რუსთავის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობის შესახებ და ერთობლივად იმსჯელეს მათი საჭიროებების მოგვარების გზებზე.

შეხვედრას მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, მოადგილეებთან - გიორგი ბულისკერიასთან და იგორ კოპალიანთან ერთად, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსებსა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებულ პროექტები და იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრებისას დაისვა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განისაზღვრა დევნილთა განსახლების ის ობიექტები, რომლებშიც საჭიროებებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს პროგრამების მიმართულებით ახალ ინიციატივებსა და მათი განხორციელების პერსპექტივებზე.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჩართულობით, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, დევნილთა განსახლების ადგილებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

 

სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ საუდის არაბეთის სამეფოში საერთაშორისო ფესტივალზე წარდგა

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ საუდის არაბეთის სამეფოში სამთო წარმოდგენისა და ხელოვნების ქემამის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.

ფესტივალი საუდის არაბეთის ასირის პროვინციაში 20 იანვარს დაიწყო და მასში 14 საერთაშორისო და 16 ადგილობრივი ანსამბლი მონაწილეობდა. ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით „აფხაზეთი“15 მოცეკვავის შემადგენლობით წარდგა მაყურებლის წინაშე.

ქართველ ხელოვანთა წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „აფხაზეთი“ დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

ანსამბლმა ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილედ იგორ კოპალიანი დაინიშნა

იგორ კოპალიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორის თანამდებობას.

იგორ კოპალიანს გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება, მათ შორის იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წევრი, მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად იურიდიულ საკითხებში, ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროს კონსულტანტად, იყო მარტვილის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დაჯილდოებულია საპატიო სიგელით.

სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები - მენეჯმენტში, სამართალში, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, კონფლიქტოლოგიაში. არის სპორტის ოსტატის კანდიდატი ჭიდაობა ,,ძიუ-დოში”.

 

რუსლან აბაშიძე დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ფოთსა და სენაკში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს დევნილთა ჩასახლების ობიექტები, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა და მოისმინეს მოსახლეობის წინაშე არსებული გადაუდებელი საჭიროებები. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძე დევნილებს იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დევნილთა ჩასახლების ობიექტებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით კვიციანი, მერის მოადგილე მამუკა პაპასქირი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ელიავა იმყოფებოდნენ.

დღესვე, რუსლან აბაშიძემ, ანზორ მარგიანმა და დავით ფაცაციამ სენაკში, ხობსა და ფოთში მდებარე დევნილთა პოლიკლინიკები მოინახულეს და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ (International Human Rights Commission) მხარდაჭერით გადმოცემული სათვალეები გადასცეს. აღნიშნული სათვალეები, ოფთალმოლოგის დანიშნულების შესაბამისად, რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასოდ გადაეცემათ. ღონისძიებება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

საქველმოქმედო ფონდი "ლუტეცია“ აფხაზეთის №12 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეს შექმნის

ააიპ „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი „ლუტეცია“ ზუგდიდში, კომბინატის უბანში მდებარე აფხაზეთის №12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-მობილურ სივრცეს შექმნის. ასევე სკოლის ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკით, ავეჯითა და ინვენტარით აღჭურვავს, - ეს ყველაფერი ნათქვამია წერილში, რომელიც ამ დღეებში სკოლამ, საკუთარი მიმართვის პასუხად, ფონდ „ლუტეციას“ დირექტორის ნათია ფხაკაძე-ჩიგირინსკაიასგან მიიღო.

"საქველმოქმედო ფონდი ლუტეცია“ მომავალშიც მზად არის მხარი დაუჭიროს სკოლას „ბიბლიოთეკისა და საგანმანათლებლო სივრცის ფუნქციონირების პროცესში“, რადგან თავად ვახტანგ ფხაკაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ახალგაზრდებში განათლების ხელშეწყობას და ეს ფონდის მიზანიცაა.

აფხაზეთის კიდევ ერთ საჯარო სკოლას ახალი შენობა ექნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას, სარგებლობის უფლებით, უვადოდ გადაეცა ქალაქ ზუგდიდში, გორის ქუჩა №4-ში მდებარე 9284 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

მიწის ამ ნაკვეთზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, აფხაზეთის №11 საჯარო სკოლისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა აიგება.

აფხაზეთიდან დევნილობის 30 წლის თავზე ეს უკვე აფხაზეთის საჯარო სკოლებისთვის აშენებული მეორე შენობა იქნება. შეგახსენებთ, რომ ერთი ახალი შენობა ჩხოროწყუში, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლისთვის ევროპის ბანკის დაფინანსებით აშენდება.

გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სარგებლობის უფლებით, უვადოდ გადასცა ქ. ზუგდიდში, იმავე მისამართზე მდებარე 6816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

მიწის ამ ნაკვეთზე კი აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აშენდება პროფესიული სასწავლებელი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები სხვადასხვა პროფესიას დაეუფლებიან.

გურამ მისაბიშვილი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღები მხატვრული კომპოზიციით - ,,მზიანი ღამე“ აღნიშნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე იოანე (გამრეკელი), ეპარქიის სასულიერო პირები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ელიავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

აფხაზეთის ჯადანცვის სამინისტროსა და ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ’’აფხაზეთს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესა და ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ’’აფხაზეთის“ აღმასრულებელ დირექტორ ნაპოლეონ მილორავას შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის მიზანია, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა.

რუსლან აბაშიძემ ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის თავმჯდომარემ ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის პატარა მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობაში აფხაზეთის სულიერების ცენტრის საკვირაო სკოლის, აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დღესასწაულზე მიღებული შემოწირულობა ტრადიციულად ბავშვთა სახლებს და უმწეოთა თავშესაფრებს გადაუნაწილდება.

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს, მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2001 წელს ისევ აღდგა.

რუსლან აბაშიძე სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მეუღლესთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

საშობაო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.