აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ამჯერად წყალტუბოში გაიმართა

დავით ფაცაცია თავის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერ - გენადი ბალანჩივაძესთან, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე - თეიმურაზ ჭეიშვილთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გრიგოლ ყურაშვილთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია წყალტუბოს დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობის შესახებ და ერთობლივად იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზე.

გრძელდება დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის მიზანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და დევნილი მოსახლეობის ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა.

 

 

აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი და მრავალწლიანი მცენარეების ნერგები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნერგები გადასცა.
 
ღონისძიება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს „სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. კონკურსის შედეგად გამარჯვებულ 43 აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარს 1 970 ცალი ნიგოზის „ჩანდლერის“ ჯიშის, 350 ქლიავის და 148 ტყემლის ნერგი გადაეცა.
 
ასევე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სპეციფიკური ინვენტარი მიიღო მეფუტკრეობის დარგში 16-მა წარმატებულმა ბენეფიციარმა, ხოლო სამ გამარჯვებულ მონაწილეს სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებისა და გაძლიერების მიზნით საჭირო ინვენტარი გადაეცა.
 
დღესვე, რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში პროგრამის ბენეფიციარებს, ნერგების ეფექტური და პროდუქტიული აგრარული გამოყენების და მოვლის შესახებ, სააგენტოს სპეციალისტების მიერ კონსულტაცია-ტრენინგი ჩაუტარდათ.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ეკა ხოფერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მინისტრს უნივერსიტეტში მიმდინარე თუ საერთაშორისო ასპარეზზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო; ესაუბრა საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსზე, რომელიც ქართულ-აფხაზური ხიდჩატეხილობის მშვიდობიანად მოგვარებას გულისხმობს.

ვიზიტის ფარგლებში, ეკა ხოფერია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და სამინისტროს საქმიანობაში არსებულ სიახლეებზე მოუთხრო. მან იქვე აღნიშნა, რომ სამინისტრო სამომავლოდ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში ჩართვას შესთავაზებს.

რექტორმა მადლობა გადაუხადა ეკა ხოფერიას სტუმრობისთვის, სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა: „ჩვენ აფხაზ ძმებთან მისასვლელ გზას ყველა ერთად გავივლით“.

რუსლან აბაშიძის განცხადება ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, ერთ-ერთი გამორჩეული დღეა მთელი კაცობრიობისათვის. ტოლერანტობა არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი და ფუნდამენტი, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.

ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხი განსხვავებებს სიმდიდრედ მიიჩნევს. საქართველოს გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური და მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ჩვენ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უფლება თავისი კულტურის, რელიგიისა და ტრადიციების თავისუფალ შესრულებაზე დაცულია მისი იდენტობის, წარმოშობის, რასისა და რწმენის განურჩევლად.

საქართველოს ხელისუფლებისათვის მთავარ ღირებულებას ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები წარმოადგენს. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პრინციპებზეა დაფუძნებული. მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა იდენტობისა და უფლებების დაცვა, თითოეული მოქალაქის განვითარებისათვის თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა. ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებითა და განმტკიცებით, ქვეყნის ხელისუფლება უზრუნველყოფს ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას.

დავით ფაცაცია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა

დავით ფაცაცია ამჯერად ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის მონაწილე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი საჭიროებების შესახებ და ერთობლივად იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.

შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი მოსახლეობა.

მსგავსი შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და მისი მიზანია - აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჩართულობით, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა.

რუსლან აბაშიძემ კონფერენციაში „შიდა კონტროლის სისტემა ეფექტიანი მმართველობისთვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით პრაქტიკული კონფერენცია „შიდა კონტროლის სისტემა ეფექტიანი მმართველობისთვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ გაიმართა.

კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა. მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. „მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო ჩვენს მთავრობაში. სამი წლის განმავლობაში შევეცადეთ გაგვეტარებინა რეფორმები ყველა უწყებაში, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებასთან იყო დაკავშირებული. რეფორმების შედეგად გაიზარდა ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი. განვახორციელეთ ძირფესვიანი ცვლილებები და მოვახდინეთ ოპტიმიზაცია,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გელანტია-ახვლედიანმა წარმოადგინა პრეზენტაცია „შიდა კონტროლის სისტემა ეფექტიანი მმართველობისთვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ - თბილისიდან - სოხუმამდე კარგი მმართველობის ასაშენებლად. კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ლევან თევზაიას პრეზენტაცია „ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის (FMC) ინტეგრირება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში“, რომელიც დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ FMC-ის პირველი ეტაპის კომპონენტების დანერგვით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაუმჯობესდება ბიუჯეტის დაგეგმვის ხარისხი და ფინანსური კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს რესურსების ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას. აგრეთვე, თავის მხრივ მენეჯერული უფლებამოსილების დელეგირება უზრუნველყოფს სამინისტროს სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე მდგომი მენეჯერის დაწესებულების საქმიანობის მართვაში ჩართულობის ხარისხის ზრდასა და რესურსების ეფექტურ მართვას.

2023 წლისთვის სამინისტროს მიერ იგეგმება, კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან გაფორმებული შეთანხმებების შინაარსობრივი და მიზნობრივი სრულყოფა.

კონფერენციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთის" ლექცია ფოცხოეწერში შედგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" ფარგლებში 2022 წლის ქვეპროგრამით გათვალისწინებული პირველი ლექცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში შედგა.

 სალექციო კვირეულის მნიშვნელობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ისაუბრა. მან დამსწრეთ წარუდგინა საგანმანათლებლო კომპანია „ქლევერტონის“ თანადამფუძნებლი და დირექტორი ლაშა მიქიაშვილი, რომელმაც   ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „საქართველოს სამთავროების ჩამოყალიბება და აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე“.

ლექციას ქ. ჯვარისა და ფოცხოეწერის მიმდებარე სოფლების - მუჟავას, ჭალესა და ლიას საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ლექციის ბოლოს გაიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები/ინტერაქცია, რის შემდეგაც ლექციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.  

ქვეპროგრამას სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური ახორციელებს და მისი მიზანია ახალგაზრდებში აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაცია და აფხაზეთის ისტორიის, კულტურის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.

ნანა გაბელიამ მინისტრის აპარატის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა.
 
გამოსვლისას ნანა გაბელიამ ისაუბრა მინისტრის აპარატის მიერ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებულ პროგრამებზე. ასევე, მომავალში დაგეგმილ აქტივობებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და საარქივო საქმიანობის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე.
 
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად ამოცანებსა და მიმართულებებზე, რომლებიც მინისტრის აპარატის გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა მიღებული.
 
„მინისტრის აპარატმა , ვფიქრობ, ნაყოფიერად და წარმატებულად იმუშავა ყველა იმ პრიორიტეტული მიმართულებით, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ინტერესებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას ემსახურება, მათი შემდგომი გადაჭრის გზების მოძიების პროცესში“-აღნიშნა მინისტრმა.
დაიწყო განაცხადების მიღება სახელმწიფო პროგრამის ,,დანერგე მომავალი“-ს ბენეფიციარების თანადაფინანსებაზე

თანადაფინანსების გზით სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ აფხაზეთიდან დევნილების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ იწყებს პროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ განხორციელებას.

  1. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია: • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც გახდებიან აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარები.
  2. ქვეპროგრამის პირობები, ეტაპები და განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე:
  3. განაცხადის მიღება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“
  4. საკონტაქტო პირები: ჯანო ქირთბაია - 599855369; ნინო ბენდელიანი - 599488315
რუსლან აბაშიძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტზე, რომლის ფარგლებში სამგორის რაიონში დაგეგმილია სპორტული აკადემიის მშენებლობა.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობას, სადაც განთავსდება ფეხბურთის სათამაშო მოედანი, საკალათბურთო დარბაზი და სხვადასხვა სივრცეები სპორტული აქტივობებისთვის.

რუსლან აბაშიძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა.

საბაერძნეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ბერძენ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითხებში, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. აღინიშნა, რომ ამ კონტექსტში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიან ფუნქციონირებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ აუცილებელია ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგეს გალში და რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად იმართებოდეს ერგნეთში. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის პროვოკაციული და უკანონო ქმედებების გამო ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით.

ზუგდიდში წარმატებით გრძელდება პროექტი ,,დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე"
მინისტრის აპარატი აგრძელებს რეგიონებში, კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში, ახალ პროექტს „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“.
 
ამჯერად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ყოველ შაბათ-კვირას დევნილი მოზარდები ესწრებიან საგანმანათლებლო-შემეცნებით ტრენინგებს, მონაწილეობენ საინტერესო და გუნდურ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას, უზრუნველყოფს აქტუალურ საკითხებზე მათ ინფორმირებულობას და მიმდინარე პროცესებში აქტიურ ჩართულობას.
 
ფოცხო-ეწერის, ფოთისა და რუსთავის შემდეგ, ეს რიგით მეოთხე, არაფორმალური განათლების სივრცეა, რომელიც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ეკა ხოფერია გალფის ახალი პლატფორმის „მომავალი ჩვენია“ პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გალფის და პეტროკას ენერჯი ჯგუფის ახალი პლატფორმის „მომავალი ჩვენია“ პრეზენტაცია გაიმართა. აქვე „გალფის სასტიპენდიო პროგრამის“ ფარგლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საუკეთესო 100 პირველკურსელი ყოველთვიური 300-ლარიანი სტიპენდიით დაჯილდოვდა.
 
გარდა ამისა, არველაძეების ფონდის ინიციატივითა და კომპანია გალფის მხარდაჭერით, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი, რომლებიც 10-13 ნოემბერს გაემგზავრებიან იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში და ნაპოლი-უდინეზეს მატჩზე, ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივრებენ. მატჩის შემდეგ კი პირადად გაეცნობიან საქვეყნოდ აღიარებულ ქართველ ფეხბურთელს. ამ 12 წარმატებულ სტუდენტს შორისაა პირველკურსელი ნიკა შარია, აფხაზეთიდან.
 
პრეზენტაციას კომპანია გალფის მენეჯმენტი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
აჭარის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აჭარის რეგიონში, დაბა ჩაქვსა და ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, 200-მდე აფხაზეთიდან დევნილს ჩაუტარდა შემდეგი მომსახურებები:
➢ ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
➢ მხედველობის სკრინინგი:
ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).
➢ პედიატრის კონსულტაცია;
➢ კარდიოლოგის კონსულტაცია;
ეკგ.
➢ ნევროლოგის კონსულტაცია;
➢ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
➢ სხვადასხვა სისტემის რადიოლოგიური კვლევა;
➢ ტესტირება COVID-19 -ის დიაგნოსტიკის მიზნით.
გამოკვლევებში საქართველოს წამყვანი კლინიკებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ასევე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ჰიგიენური სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.