აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

დავით ფაცაცია აჭარაში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

დავით ფაცაცია აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს შეხვდა და მათ გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამები, რომელებიც ახალგაზრდების საჭროებებზე არის ორიენტირებული.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობაზე და იმსჯელეს ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.

შეხვედრის მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით მსჯელობა და ისეთ ღონისძიებების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს და აფხაზ და ქართველ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასა და შერიგებას.

 

ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ღვაწლმოსილი და წლის საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ მასწავლებლის დღის მილოცვის შემდეგ, მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ პედაგოგებს - ლეონტი ქუხილავას, ეთერ სანაიას, მედიკო იაშვილს, მერი გაბედავას, ინეზა კორსანტიას, ბელა მესხიას; წლის საუკეთესო მასწავლებლებს - ნანა ჯალაღონიას, ბელა ფუტკარაძეს, ქეთევან ნიკოლაძეს და სამინისტროს სიგელები და საჩუქრები გადასცა.

შეხვედრის ბოლოს პედაგოგებმა თავიანთი საქმიანობის საინტერესო ეპიზოდები გაიხსენეს და მალე მსგავსი დაჯილდოებების აფხაზეთში გამართვის იმედი გამოთქვეს.

გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღესრულა

პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე მთავრობის წევრებთან და დევნილ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდა.

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ლევან თევზაია ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარაკლისს დაესწრო

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი , ლევან თევზაია თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარაკლისს დაესწრო.

ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე აფხაზეთიდან დევნილ, სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა დიალოგის ფორმატში სტუდენტებისთვის აქტუალურ თემებზე, მათ შორის, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის და სწავლის დაფინანსების საკითხებზე ისაუბრეს.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა სტუდენტების ხელშეწყობის და სწავლის პროცესში გამოვლენილი საჭიროებების მოგვარების მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე იმსჯელეს. ღონისძიების ბოლოს რუსლან აბაშიძემ და ლევან ჩაკვეტაძემ სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

სტუდენტებთან შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

ეკა ხოფერია თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაციას  დაესწრო

„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას „თბილისობა“ მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გივიაშვილმა.

„აფხაზურ ეზოში“ წარმოდგენილი იყო პერფორმანსი - აფხაზური ყოფა-ცხოვრების, ოჯახური რიტუალებისა და სუფრის ტრადიციების ელემენტებით; გამოფენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსი, აფხაზეთის მეწარმეთა პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და ქსოვილები. მოეწყო მასტერკლასები კალიგრაფიაში.

პრეზენტაციის მსვლელობისას სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ და გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულეს.

ბოლოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ეთნოგრაფიული მუზეუმის სცენაზე პირველად წარსდგა მაყურებელთა წინაშე. აქვე მათ აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის, „სუხიშვილების“ ანსამბლის სოლისტის კანდიდ თარბას სახელი მიენიჭა.

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული პერფორმანსი აფხაზური ყოფა-ცხოვრების, ოჯახური რიტუალებისა და სუფრის ტრადიციების შესახებ, ელარჯის მასტერკლასი. გამოფენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსი. მოეწყო აფხაზეთის მეწარმეთა პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და ქსოვილების გამოფენა და მასტერკლასები კალიგრაფიაში.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთი“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის „გუმბათი“ მონაწილეობით შესრულდა აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები.

პრეზენტაციის ბოლოს, დიდ სცენაზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის პირველი გამოსვლა გაიმართა. დღესვე, ბავშვთა ანსამბლს აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის, „სუხიშვილების“ ანსამბლის სოლისტის კანდიდ თარბას სახელი მიენიჭა.

„აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა.

რუსლან აბაშიძემ და ნანა გაბელიამ არზაყან ემუხვარის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი ემიგრაციაში მცხოვრები ცნობილი საზოგადო მოღვაწის არზაყან ემუხვარის მემორიალურ დაფასთან იმყოფებოდნენ.
 
აფხაზეთში დაბადებული არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის სახელს უკავშირდება არაერთი ცნობილი და ისტორიული მოვლენა აფხაზეთში, მათ შორის ის გახლდათ 1905-1907 წლების რევოლუციური მოძრაობის აქტიური წევრი, რევოლუციის შედეგად შექმნილი „სოხუმის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი, 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს აფხაზეთის ეროვნული საბჭო, რომელმაც დაადგინა, რომ აფხაზეთი ავტონომიის სტატუსით შესულიყო საქართველოს შემადგენლობაში. არზაყან ემუხვარმა ყველა ღონე იხმარა ამ დადგენილების მისაღებად, სწორედ ის აირჩიეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ.
 
1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, არზაყან ემუხვარი საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა, რის შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნებულა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ნანა გაბელია ჩეხეთში მცხოვრებ დევნილ ემიგრანტებთან შეხვედრებს განაგრძობს
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ.
 
შეხვედრა , ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა გახსნა.
 
,,აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების მხარდაჭერა, მათი პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული "დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის" პროექტის მნიშვნელოვანი საკითხია. ეს უკვე მესამე შეხვედრაა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, რაც ემსახურება ქართული დიასპორების სამშვიდობო რესურსის გააქტიურების ხელშეწყობას’’-განაცხადა ნანა გაბელიამ ემიგრანტებთან შეხვედრისას.
 
ღონისძიების ფარგლებში ემიგრაციაში მცხოვრები, დიდი ქართველი მამულიშვილის გიორგი აფხაზის შემოქმედების ვირტუალური გამოფენა გაიმართა.
 
შეხვედრისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი გაბედავამ გიორგი აფხაზის მოღვაწეობაზე ისაუბრა და ემიგრანტებს მისი შემოქმედება გააცნო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ბათუმისა და ქობულეთის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებს შეხვდა

 

დავით ფაცაცია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - რამაზ ჯინჭარაძესთან, ბათუმის ვიცე მერ - ლევან დავითაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან - ნათია კოპალიანთან ერთად, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები და მათი მოგვარების გზები დასახეს.

გრძელდება შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების მიზნით.

 

 

 

 

მინისტრი ნანა გაბელია პრაღაში გამართულ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი გამოფენის დახურვას დაესწრო
ჩეხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს და დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.
 
აღნიშნული ფოტოგამოფენა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ქალაქ პრაღაში, საქართველოს საელჩოსა და პრაღა 6-ის მერიის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ გაიხსნა და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
 
გამოფენის დახურვას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, პრაღა 6-ის მერი ონდრეი კოლარჟი, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კატეგორიულად გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთში. სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები უგულვებელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; უხეშად არღვევს ჰელსინკის საბოლოო აქტისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპებს ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მოუწოდებს ბელარუსის მხარეს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსლან აბაშიძემ ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ ნანა გაბელიასთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრაღის მე-6 ოლქის მერს, ონდრეი კოლარჟს შეხვდა, რომელიც ასევე ჩეხეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.

შეხვედრა ქართული დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი, პრაღა 6-ის მერის მოადგილე იან ლაცინა, ქართული დელეგაციისა და ჩეხური მხარის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერას დაესწრო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ფილმის ავტორია მედიაჰოლდინგ „კვირას“ დამფუძნებელი ქეთევან ხოსიტაშვილი, რომელმაც „კვირას“ ჯგუფთან ერთად, ფილმზე გასულ წელს იმუშავა.

საავტორო-დოკუმენტურ ფილმში ასახულია ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით არსებული რეალური სურათი. ფილმში გამოყენებულია აფხაზი და რუსი ბლოგერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ისინი ღიად საუბრობენ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც რუსული ოკუპაციის შედეგად დღეს რეგიონშია.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აფხაზეთის მთავრობის და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

პარლამენტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც  საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას გმირობასა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სოხუმის დაცემის დღე არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიდი ტრაგედიის დღე, რომელმაც ამავე დროს გმირობის არაერთი მაგალითი მისცა ქვეყანას. მისი თქმით, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პარლამენტისთვის, როგორც საქართველოს ეროვნული გმირის, ისე ზოგადად, აფხაზეთის ომის და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის საზოგადოების წინაშე.

27 სექტემბრისთვის საგანგებოდ მოწყობილ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტორეპორტიორ შახ აივაზოვის მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა.

დღესვე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებითი პროექტის ფოტოგამოფენა „საგანძური“ გაიმართა. საექსპოზიციო მასალები 2008 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს მხარდაჭერით შეიქმნა. საგანძურმა უკვე იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.