აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ნანა გაბელიამ საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკო
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
„დღეს ძალიან მძიმე დღეა, სოხუმის დაცემის დღე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითარებულმა შეიარაღებულმა მოქმედებებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ, საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრით ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს უკეთეს და მშვიდობიან მომავალს “-აღნიშნა ნანა გაბელიამ.
რუსლან აბაშიძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, ვაკის პანთეონში საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე დღეა. შეიარაღებულმა მოქმედებებმა შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე კონფლიქტის ორივე მხარეს. უამრავი ადამიანი იქცა ლტოლვილად და დევნილად საკუთარ სამშობლოში.

დღეს მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების და ყველა იმ თანამოქალაქის წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენ პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას.

წარსულის მწარე გამოცდილებით ჩვენ ყველა ნათლად ვაცნობიერებთ, რომ ამ დაპირისპირებას გამარჯვებული არ ჰყავს და აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია. უთანხმოების მოგვარების ერთადერთი შესაძლებლობა კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებაა.

ჩვენი გმირების სამშობლოსათვის თავგანწირვის სულისკვეთებით, გაძლიერებული ძალისხმევით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით უნდა მივაღწიოთ შერიგებას, დეოკუპაციას, აფხაზეთში დაბრუნებას და ჩვენი სამშობლოს ერთიანობას.  მჯერა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, დავძლიოთ დაპირისპირების მძიმე შედეგები და ვიშრომოთ აფხაზთა და ქართველთა საერთო ევროპული მომავლისა  და კეთილდღეობისათვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

დღესვე, გმირთა მოედანზე, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორია მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილი.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

დაიწყო განაცხადების მიღება პროგრამაზე- „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას პროგრამაზე- „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ –

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, აფხაზეთიდან დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მრავალწლიანი ნერგებით (კერძოდ: „ჩენდლერის“ ნიგოზის კაკალი; ქლიავი და ტყემალი) უზრუნველყოფის გზით.  

  1. ინფორმაცია ქვეპროგრამის შესახებ და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე

 

  1. განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით იწყება 2022 წლის 27 სექტემბრის 12:00 საათიდან და სრულდება 2022 წლის 18 ოქტომბრის 17:00 საათამდე,

 

მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“  ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com

საკონტაქტო პირები:   თეა კვარაცხელია - 579113897; ნინო ბენდელიანი 599488315; ნუგზარ ბასლანძე - 593007885 ; ჯანო ქირთბაია - 599855369

 

ლევან ჩაკვეტაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ და მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

"დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე დღეა, დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება.

პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების და ყველა იმ თანამოქალაქის ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას“, - განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.

დღესვე, გმირთა მოედანზე, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორია მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილი.

ასევე ლევან ჩაკვეტაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავასთან ერთად, მამია ალასანიას საფლავი ყვავილებით შეამკო.

დავით ფაცაციამ აფაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა.

 ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა საძმო საფლავი.

„დღეს, პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

27 სექტემბერი არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და განსაკუთრებულად რთული თარიღი. 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი და აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციით დასრულდა, რამაც სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე, 400 ათასზე მეტ ადამიანს კი მოუწია იძულებით სახლ-კარის დატოვება და საკუთარ სამშობლოში დევნილის სტატუსით ცხოვრება.

 

 

მინდა ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის გმირების - ჟიული შარტავას, რაულ ეშბას, გურამ გაბესკირიას, ჯუმბერ ბეთაშვილის, არშაველ შენგელიას, სუმბათ სააკიანის, მიხეილ კოკაიას, მამია ალასანიას, ვახტანგ გეგელაშვილის, ალექსანდრე ბერულავას, მთავრობის დაცვის წევრებისა და ყველა სამშობლოსთვის მებრძოლის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის თავი გაწირეს და მოგვცეს შესაძლებლობა ვიცხოვროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში.

 

ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას.“- დავით ფაცაცია.

 

აფხაზეთის საჯარო სკოლების 38 პედაგოგი STEM-ის მიმართულებით გადამზადდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, აფხაზეთის საჯარო სკოლების 38 პედაგოგი STEM-ის მიმართულებით გადამზადდა.
 
ტრენინგები მასწავლებლებს „ციფრული ტექნოლოგიებისა და ელექტროინჟინერიის საფუძვლები STEM კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ჩაუტარდათ.
 
ქ. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენინგებში მონაწილე პედაგოგებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა და მათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატები და STEM კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის საჭირო სასაჩუქრე ბოქსები გადაეცათ.
 
დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სსიპ-აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა - „დიალოგი მშვიდობისათვის“.

შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულ იქნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები და დიალოგის ფორმატში გაიმართა მსჯელობა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე, ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა დასახეს სამომავლო გეგმები.

შეხვდრის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების ხელშეწყობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სფეროში ღვაწლმოსილი წარმომადგენლების ჩართულობით, მათ კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

 

რუსლან აბაშიძე მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომელმაც  საქართველოსთვის მშვიდობის საერთაშორისო დღისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების უკიდურესი გამოწვევების ფონზე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების საჭიროებაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ასევე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ჰაიდი გრაუ და გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი. დამსწრე საზოგადოებას დისტანციურად ასევე სიტყვით მიმართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში როზმარი დიკარლომ.

ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა დააჯილდოვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ პირველი გამარჯვებული ნიკა ბაძაღუა, რომელსაც გადაეცა ფულადი პრიზი 3 000 ლარის ოდენობით. შესარჩევი კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებს საკუთარი გზავნილით ასევე მიმართა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა.

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა.

ტრენინგი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლებისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზაცია - ,,ბიბლიოთეკა - კულტურული ცენტრი ,,თანადგომის" ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტგალერეაში სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი - „ნეიროპლასტიურობა და ადრეული განათლების თანამედროვე მიდგომები“ ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორი ნანა გეგელიშვილი.

ტრენინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

„ნეიროპლასტიურობა და განათლება“ ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდოლოგიაა. ეს მეთოდოლოგია ბავშვებთან მუშაობისას იმგვარი აქტივობების, ვარჯიშებისა და თამაშების ჩატარებას ითვალისწინებს, რაც მათი ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და გონებრივი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ეკა ხოფერიას თქმით, სამინისტრო სამომავლოდ ამ პროგრამის აფხაზეთის საჯარო/საშუალო სკოლებში დანერგვას ისახავს მიზნად.

ეკა ხოფერიამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. სპიკერმა ლექციის ფარგლებში საკუთარ კარიერულ გზაზე ისაუბრა.

მიმოიხილა სტუდენტობის პერიოდი, შემდგომ კი პირველი ნაბიჯები აქტიურ ჟურნალისტიკაში. ასევე ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე.

ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ლექციაზე სამომავლო კარიერისთვის აუცილებელი პრაქტიკული რჩევები მიიღეს. დასასრულ, ეკა ხოფერიამ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილე თამარ მახარაშვილს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდამჭერი პროგრამების განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში  მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების გაძლიერების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება წარმოადგენს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე უფრო დეტალურად იმსჯელებს.

აღსანიშნავია, რომ უწყებებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2021 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს აფხაზეთის სკოლების ონლაინ საკვირაო სკოლა, რომელიც 80 მოსწავლეს აერთიანებს.  2022 წლის იანვარში კი, შეიქმნა „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამა“,  რომლის მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხელშეწყობა.

შეხვედრას  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“  ხელმძღვანელი ანა კუდუხაშვილი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ომში და ომის შემდგომ დაღუპულთა/გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ ქ. ხონის მე-4 საჯარო სკოლას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსგან მოპოვებული გრანტით ქ. ხონის მე-4 საჯარო სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია მოაწყო. პროექტის ფარგლებში, სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია აღიჭურვა მაგიდის კომპიუტერებით, პრინტერებითა და ტაბლეტებით.

აღსანიშნავია, რომ ქ. ხონის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების უმრავლესობას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, მათ შორის სოციალურად დაუცველი ბავშვები წარმოადგენენ, რომელთაც პროექტის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომპიუტერული სერვისებით.

კომპიუტერული ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილი, ქ. ხონის მერი - ლადო ჯურხაძე, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს კონსული - სუზანა პალოსოვა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი - სალომე დოლიძე, სამინისტროსა და ქ. ხონის მე-4 საჯარო სკოლის წარმომადგენლები.

დავით ფაცაციამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, მან ისაუბრა კომპიუტერული სერვისების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა.

ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ევროკავშირის მხარდაჭერით გარემონტებული ქ. ხონის მე-4 საჯარო სკოლასთან მდებარე საბავშვო-ბაღი.

 

აფხაზეთის №7 საჯარო სკოლამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს საგრანტო კონკურსში მეორედ გაიმარჯვა

აფხაზეთის №7 საჯარო სკოლამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს საგრანტო კონკურსში მეორედ გაიმარჯვა

ქ. სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს კონსული ზუზანა პოლოსოვა ეწვია. სტუმარმა სკოლის მიერ 2021 წელს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოგებული სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი დაათვალიერა .

შემდეგ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლასა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც სპორტულ დარბაზში საშხაპეები და გასახდელები მოეწყობა. ეს არის მეორე პროექტი, რომელმაც სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.