აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

საბერძნეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა

 

სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში, 40-მდე მოზარდი საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ როდოსზე არსებულ საერთაშორისო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში - ინტელექტუალურ, შემეცნებით, სახალისო, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტი მოზარდებს შესაძლებლობას მისცემს აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის დასავლურ ღირებულებებზე, გაეცნონ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები. ამასთან, პროექტით დაგეგმილი აქტივობები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ხელს შეუწყობს ერთმანეთთან სოციალური ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებაში.

 

რუსლან აბაშიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

რუსლან აბაშიძე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს პირადად შეხვდა და მიუსამძიმრა.

მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა - დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო დროშები დაეშვა - დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

რუსლან აბაშიძემ სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა

სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია ერთობლივად გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ დევნილთა დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, რომელიც ამორტიზებული იყო და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, საბავშვო ბაღის - „ოცნება“ მიმდებარე ტერიტორიაზე კი სპორტული მოედანი მოეწყო.

ადგილზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი“ გულისხმობს აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი, შშმ პირების დედმამიშვილებისა და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების საზაფხულო ბანაკში განთავსებას.
 
მონაწილეებისთვის დაგეგმილია შემეცნებითი ტრენინგები, სახალისო, სპორტული და გუნდური აქტივობები.
 
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ და არადევნილ, შშმ პირების დედმამიშვილებსა და სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს 10 წლიდან 14 წლის ჩათვლით.
 
40 ახალგაზრდა შეირჩევა კონკურსის წესით.
 
პროექტი განხორციელდება ბაკურიანში 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო.
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ქვემოთ მითითებულ ბმულზე.
 
 
გისურვებთ წარმატებებს!
რუსლან აბაშიძე ქობულეთში სკოლა-ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ქობულეთში, ონლაინ საკვირაო სკოლის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

აფხაზეთის სკოლა-ბანაკი მრავალფეროვანი გასართობი, ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობებით გამოირჩეოდა, რომელიც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ონლაინ საკვირაო სკოლის ფარგლებში, საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს სემინარებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები უტარებდნენ.

კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა. მოეწყო საბუნებისმეტყველო STEM კლუბი „ჩხირკედელას“ მასტერკლასები.  მოსწავლეებმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, პეტრას ციხე-ქალაქი და რეგიონის სხვა ისტორიული და ტურისტული ადგილები მოინახულეს - დაესწრნენ ფეხბურთის მატჩს და რამდენიმე სპორტული აქტივობა თავადაც გამართეს.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა, ბანაკში მიღებული გამოცდილების ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო თემატიკაზე მომზადებული ვიდეორგოლები და ნამუშევრები წარმოადგინეს.

ბანაკის დახურვის ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმატებული და სოციალურად დაუცველი 80 მოსწავლე მონაწილეობდა.

რუსლან აბაშიძე გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. რუსლან აბაშიძემ სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და კატასტროფა განიცადა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ტრაგედიას, მფრინავები - ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი, მაშველები - კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი, ექიმები - ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი შეეწირნენ.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დროშები დაეშვა ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს.

ქობულეთში აფხაზეთის საზაფხულო სკოლა-ბანაკი გაიხსნა

აფხაზეთის სკოლა-ბანაკი ქობულეთში მრავალფეროვანი გასართობი, ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობებით გამოირჩევა.

მოსწავლეებს აქ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში, საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების მიზნით, მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები სემინარებს უტარებენ.

საზაფხულო სკოლა-ბანაკი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ ბაზაზე, ამავე სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შეიქმნა.

„აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“ აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმატებულ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს აერთიანებს და მისი მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში.

სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო სკოლა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის წარმატებით დასრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის ორგანიზებით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ქ. სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში აფხაზეთიდან დევნილი, 15-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის განხორციელებული ორ კვირიანი საზაფხულო სკოლა წარმატებით დასრულდა და პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-10 საჯარო, სენაკის მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლებისა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა შეიძინეს ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიც არის - ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, სტრესის მართვა, პროექტის წერა და სხვა. პროექტის მიზანია - დევნილი ახალგაზრდების ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა, მათში მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების გაღვივება, მოზარდთა თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, მოსწავლეებში STEM-ის მიმართულებით ინტერესის აღძვრა, ქვეყნის ისტორიის და ეთნოგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი და მეგობრული გარემოს შექმნა.

საზაფხულო სკოლის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის კეთილმოწესე-დეკანოზი - იოანე კუპრეიშვილი, სენაკის ღირსი ალექსი სენაკელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური-მღვდელი - მალხაზ ჭანტურია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი – სალომე დოლიძე, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი - ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე - გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსებისათვის რეგისტრაცია იწყება

 

 ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის’’ დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის N77/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.

რეგისტრაცია შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებული ქნა ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების № 147 შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/192FcUzo5RW01d_f1MpOFNqUpvTyURk7IZigkAu1SEOQ/edit?usp=drive_web

რეგისტრაციის ვადა 2022 წლის პირველი აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ ნომრებზე:  +995 599 741 652; +995 599 855 494; +995 599 855 493.

ლევან ჩაკვეტაძემ UNHCR-ის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

UNHCR-მა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა და დევნილთა სააგენტოს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების გასაუმჯობესებლად სამუშაო შეხვედრა გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს საქმიანობის შესახებ უახლესი ინფორმაცია წარადგინა.

შეხვედრის მიზანია კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესება დევნილთა სააგენტოსა და დევნილ მოხალისეთა ქსელს შორის, ასევე დევნილების უშუალო ჩართულობის უზრუნველყოფა ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.

საქართველოში UNHCR-ის ოფისის დაარსების დღიდან ორგანიზაცია ჩართულია დევნილთა დახმარების საკითხებში, ამჟამად ინარჩუნებს დევნილთა დაცვის მონიტორინგისა და ადვოკატირების როლს და ზრდის მის წვდომას საზოგადოების მოხალისეთა ქსელის მეშვეობით. ქსელი მიზნად ისახავს დევნილებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მათ დახმარებას უფრო სწრაფი გადაწყვეტილებებისა და სერვისების წვდომაში რეფერალური სისტემის გაძლიერებით.

შეხვედრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან

დავით ფაცაცია, თავის პირველ მოადგილესთან - გურამ მისაბიშვილთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან - გრიგოლ ბაღათურიასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან - კოტე ბასარიასთან ერთად - სენაკის, ხობის, აბაშის, ჩხოროწყუს, მარტვილის მუნიციპალიტეტების დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

სამინისტროს წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები და მათი მოგვარების გზები ადგილზევე დასახეს.

დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

რუსლან აბაშიძემ თავისუფალ ჭიდაობაში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოსა და საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებში გამარჯვებულ, საქართველოს ნაკრებში მოასპარეზე აფხაზეთის გუნდის ახალგაზრდა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ზურაბ ქალდანს მრავალწლიანი წარმატებული სამწვრთნელო კარიერისთვის და სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, სპორტსმენებს ლუკა ღვინჯილიას, ალექსი თოდუას, ჯონი ცხადაიას და გიორგი შონიას მიღწეული შედეგები მიულოცა და სიგელები გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

ზურაბ ქალდანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია უმცროს კადეტებში, U-15 წლიანებში და აფხაზეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით, 2022 წლის 17-18 ივლისს, საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და გუნდური პირველობა მოიპოვეს.   

ლუკა ღვინჯილია მიმდინარე წელს რომში გამართულ ჩემპიონატზე ევროპის პრიზიორი გახდა. იგი სხვადასხვა წელს საქართველოს ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული სპორტსმენია. ლუკა 2022 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი 20 წლიანებში, ხოლო პრიზიორი 23 წლიანებში. 2021 წელს საქართველოს ჩემპიონი კადეტებში, 17 წლიანებში და საქართველოს ჩემპიონი უმცროს კადეტებში, 15 წლიანებში.

ალექსი თოდუა 2022 წლის საქართველოს ვიცე-ჩემპიონია კადეტებში, 17 წლიანებში, ხოლო 2021 წელს როგორც საქართველოს, ასევე რუმინეთის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. 

ჯონი ცხადაიამ თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით გამართულ სპორტულ ასპარეზობებში საქართველოს ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა. ჯონი 2022 წელს 23 წლიანებში გახდა საქართველოს პრიზიორი, ხოლო 2020-2021 წლებში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 20 წლიანებში.

გიორგი შონია თავისუფალ ჭიდაობაში 2021 წელს საქართველოს პრიზიორი გახდა 20 წლიანებში, ხოლო 2022 წელს საქართველოს პრიზიორი 23 წლიანებში.

აფხაზეთიდან დევნილები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ

 სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიზნით სოფლის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

 პროგრამის ,,დანერგე მომავალი" ფარგლებში ბენეფიციარის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის, წარდგენილი პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს ფარავს სოფლის განვითარების სააგენტო, 20%-ს ეკონომიკური პროგრამების სააგენტო ,10%-ს ბენეფიციარი.

 აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების თანადაფინანსების შემთხვევაში სოფლის განვითარების სააგენტო აფინანსებს ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს, ეკონომიკური პროგრამების სააგენტო 10%-ს, ბენეფიციარი 10%-ს.

 მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს თავმჯდომარემ ვასილ ბაბუნაშვილი მოაწერეს.

 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროგრამაში დამატებითი შეღავათის მისაღებად თანადაფინანსების მოთხოვნით უნდა მიმართოს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს.

➡ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rda.gov.ge/ge/articles/news/memorandumi

სოფლის განვითარების სააგენტო / RDA

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს შეხვდა. შეხვედრა სამუშაო ფორმატში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს როგორც საჯარო, ასევე საოჯახო არქივებზე დაყრდნობით, აფხაზეთის თემატიკაზე ანიმაციური სერიების მომზადებას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამუშაო პროცესს. ჯგუფში პროფესიონალებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

პირველ ეტაპზე ანიმაციის ფორმატში მოხდება ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გამოცემული წიგნის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ გადაყვანა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორის მრჩეველი, მულტიმედია ცენტრისა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების კათედრის წარმომადგენელი, EPLO-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელები, თსუ-ის პროფესორები.

პროექტი აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის,  საზოგადოებისა და ახალგაზრდობის მეტი ჩართულობის და ინფორმირებულობის მიზნით ხორციელდება.

რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მიეძღვნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების – ალფრედ კურატაშვილის, ნათელა მაისურაძის და ოთარ დავითაშვილის ხსოვნას.

კონფერენციაში მონაწილე სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტოლოგიის დარგში წამყვანმა მეცნიერებმა და მკვლევარებმა ერთმანეთს თავისი ცოდნა გაუზიარეს და განიხილეს დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევები და თანამედროვე ტენდენციები.

კონფერენცია ქართულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე მიმდინარეობდა და ხელისუფლების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევარები ესწრებოდნენ.