აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

,,დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე” ფუნქციონირებას განაგრძობს
სოფელ ფოცხოეწერში, „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე” საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობს.
 
ბავშვები შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართულები.
 
მინისტრის აპარატმა, მათთვის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი გარემო შექმნა, სადაც შაბათ-კვირას, ნაყოფიერად ატარებენ და პედაგოგებისა და ტრენერების დახმარებით სხვადასხვა უნარ-ჩვევებს ეუფლებიან.
რუსლან აბაშიძე პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიების გახსნას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში დაფუძნებული პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი.

პროფესიული უნარების სააგენტოს როლი და ფუნქცია იქნება საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის გაუმჯობესებას, შრომის ბაზართან დაახლოებასა და ეფექტიან კოორდინაციას. სააგენტოს შექმნას წინ უსწრებდა კვლევები და ხანგრძლივი კონსულტაციები საქართველოში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებთან. სწორედ საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი ინიციატივისა და ინოვაციურობის გამო, პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ აღიარებულია საუკეთესო პრაქტიკად.

ნანა გაბელია თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში აფხაზეთიდან დევნილების იმუნიზაციის პროცესს დაესწრო 

ნანა გაბელია ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში - ავიცრათ ერთმანეთისთვის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში აფხაზეთიდან დევნილების იმუნიზაციის პროცესს დაესწრო და დევნილ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

,,ორი წელია მსოფლიო კორონა ვირუსს ებრძვის. ჩვენს ქვეყანაში კი მდგომარეობას ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ამძიმებს. ყოველდღიურად ინფიცირებული ადამიანების რიცხვი ათასებს სცდება. ანტირეკორდების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა ვაქცინაციაზე გადის. ჩვენი მინისტრის აპარატი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში ავიცრათ ერთმანეთისთვის და დღევანდელი დღეც ამის მაგალითია. აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით უერთდება ვაქცინირებული ადამიანების რიგებს. საჭიროა ერთიანი ძალისხმევა და მონდომება და ეს არის ვაქცინაცია - ავიცრათ ერთმანეთისთვის''- განაცხადა ნანა გაბელიამ.

მინისტრის აპარატის ორგანიზებით „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა.
 
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ მიმართა.
 
როგორც ნანა გაბელიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ფორუმის მიზანი აფხაზეთიდან დევნილების გამოწვევებისა და პერსპექტივების იდენტიფიკაციაა, რათა სამომავლოდ დაიგეგმოს შესაბამისი ღინისძიებები დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
 
,,სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობისათვის, აუცილებელია ახალგაზრდებთან ერთად სახვადასხვა სექტორის ინტეგრირებული მუშაობა, სადაც შესაძლებელია შემუშავდეს ისეთი იდეები და რეკომენდაციები, რომლებიც საფუძვლად დაედება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის სტრატეგიული დოკუმენტების შექმნას, ამასთანავე ფორუმის შედეგად შექმნილი დოკუმენტი შესაძლოა საფუძვლად დაედოს აფხაზეთის მთავრობის მომავალ სამშვიდობო საქმიანობას.’’- განაცხადა იუსტიციისა დ სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა.
 
ფორუმის ფარგლებში მინისტრის აპარატის საქმიანობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემიის კლიპის, ასევე სამუშაო ფოკუს ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების, მომზადებული რეკომენდაციებისა და ინიციატივების პრეზენტაციები გაიმართა.
 
ღონისძიება ახალგაზრდების, ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდა.
რუსლან აბაშიძემ ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

ფორუმის განსახილველი თემები იყო სამოქალაქო ინტეგრაცია (ზოგადი) დევნილ-ქალთა გაძლიერება, დიასპორები და დევნილი ემიგრანტები, ქართულ-აფხაზური დიალოგი, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია და ადამიანის უფლებები და ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისა ჩართულობის პოლიტიკის ჭრილში.

ფორუმი ახალგაზრდების, ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩართულობის და ინტეგრაციის მიმართულებებს.

ღონისძიების მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიკაცია და მათ საფუძველზე დევნილთა ინტეგრაციის მხარდასაჭერი ღონისძიებების დაგეგმვა.

რუსლან აბაშიძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკ ბერესფორდს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს გააცნო ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა UNDP-ის ახალ ხელმძღვანელს ორგანიზაციის მიერ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის პანდემიის პირობებში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური როლი და ჩართულობა ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს UNDP-ის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე. სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დევნილთა საკითხებზე. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა ჰუმანიტარული და სამშვიდობო წამოწყებების და ინიციატივების მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

შეხვედრას UNDP-ის კრიზისის პრევენციისა და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვარდიშვილი და აფხაზეთის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია სოხუმის თეატრის საპრემიერო ჩვენებას დაესწრნენ

სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ჯონ ბოინტონ პრისტლის კლასიკად ქცეული დეტექტიური ნაწარმოების „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის „სტუმრის“ მორიგი საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია დაესწრნენ.

პიესის გადმოქართულებული ვერსიის ავტორია ლაშა იმედაშვილი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი დავით საყვარელიძე. სპექტაკლში სოხუმის სახელმწიფო თეატრის დასთან ერთად მოწვეული მსახიობებიც მონაწილეობენ.

სპექტაკლში მოქმედება ვითარდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მცხოვრები ერთ-ერთი მეწარმის ოჯახში, სადაც მოულოდნელი სტუმრის გამოჩენა დღის წესრიგს მთლიანად ცვლის.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში სამინისტრომ გამარჯვებული გამოავლინა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამოვლენილ იქნა გამარჯვებული ა(ა)იპ-საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი''.
პროექტი ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი თემის განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბებას, შესაძლებლობების გაძლიერებას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის შექმნის მხარდაჭერას.

აფხაზეთის მთავრობა ვაქცინაციის კამპანიაში „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ჩაერთო

იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „ავიცრათ ერთმანეთისთვის“. კამპანიის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით სოფელ ჭითაწყარში, „ევექსის“ კლინიკაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

იმუნიზაციის კამპანიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია ვაქცინების და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ასევე გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო პირბადეები. მოსახლეობას ნებაყოფლობითი ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და ვაქცინაცია მაღალკვალიფიციურმა ექიმ-სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ვაქცინაციის ცენტრამდე დევნილების ტრანსპორტირება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, იმუნიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია და ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება, საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.

„აფხაზეთის მოზაიკის იმერსიული პროექციის ჩვენებას“ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ მუზეუმ „ჰოლოზეუმში“ გამართულ „მოზაიკური აფხაზეთის“ ჩვენებას სტუდენტები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც დაესწრნენ.

ახალგაზრდებს „მოზაიკურ აფხაზეთზე“ და საერთოდ მოზაიკის კულტურაზე ესაუბრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი ,,რიბირაბოს" თანადამფუძნებელი ნატალია ამირეჯიბი.

ფონდ „რიბირაბოს“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მოზაიკის მასტერკლასი ჩაუტარეს და მისი დამზადების უნიკალური ტექნოლოგია გააცნეს.

მოზარდების მიერ მასტერკლასის დროს დამზადებული ნიმუშები კი ღუმელში გამოწვის შემდეგ, ეკა ხოფერიას თქმით, სამინისტროში დაიდებს ბინას.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მოზაიკის იმერსიული პროექციის ჩვენებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მუზეუმ „ჰოლოზეუმში“, 3D ფორმატში, „აფხაზეთის მოზაიკის იმერსიული პროექციის ჩვენება“ გაიმართა.

ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის ზურაბ წერეთლის (ბიჭვინთის დასასვენებელი სახლის ეზო - „თევზები“, „ნატვრის ხე“, „მზე“, „ფრინველები“), მხატვრების - ზაზა ციციშვილის, გიორგი ჩახავას, ნოდარ მალაზონიასა და ზურაბ კაპანაძის (ავტობუსის გაჩერებები ახალ ათონში, ალახაძიში, გაგრასა და ბზიფის გზატკეცილზე, შენობების ფასადები, „მზის საათი ძველი გაგრის სანაპიროზე“) მოზაიკური კომპოზიციები და პანოები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია აფხაზეთში არსებული ანტიკური ეპოქისა და საბჭოთა პერიოდის მონუმენტური ხელოვნების ნიმუშების (მოზაიკური კომპოზიციებითა და პანოებით) დაცვა, შენახვა და პოპულარიზაცია.

15 დეკემბერს, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე მოხსენებით წარსდგა

სესიაზე განიხილეს შემდეგი კანონპროექტი:
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტი;
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტი;
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტი.
აღნიშნული კანონპროექტები მიზნად ისახავს აფხაზეთის ა/რ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას, ფუნქციებისა და ამოცანების შესაბამისად სამინისტროს ჩამოყალიბებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით.
აღნიშნული კანონპროექტების მიღებას უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე და სამინისტროს სსიპ - ,,პროგრამებისა და სერვისები“-ს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვასილ ბაბუნაშვილი სამომავლო თანამშრომლობისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.

გიორგი ჯინჭარაძე და ვასილ ბაბუნაშვილი უნივერსიტეტის კანცლერს, მაგდა მაღრაძესა და ადამიანური რესურსების განვითარების მენეჯერს, ნინო თვალთვალაძეს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს სამინისტროსა და უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, ახალგაზრდების მხარდასაჭერად მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ასევე, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, სამინისტროს მიერ პროგრამებისა და პროექტების შემუშავების პროცესში უნივერსიტეტის შესაძლო ჩართულობაზე.

მევლუდ ჯაჭვლიანმა ქ. ქუთაისში და ქ. წყალტუბოში მცხოვრებ ზემო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს პროდუქტების და ჰიგიენის საგნების ვაუჩერი გადასცა

მევლუდ ჯაჭვლიანმა, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ერთ წლამდე და ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროდუქტების და ჰიგიენის საგნების მიწოდების მიზნით, ქ. ქუთაისში და ქ. წყალტუბოში მცხოვრებ ზემო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს  ვაუჩერი გადასცა.

აფხაზეთის დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი დავით ჭედია, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ.

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პროექტის - „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების აღწერა“ პრეზენტაცია გაიმართა.

 სოციოლოგიურ კვლევაში, რომელიც განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია კონფლიქტის ზონებიდან მოქალაქეთა კერძო საკუთრების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კავშირის „ფენიქსი-სოხუმი“-ს მიერ ა/წ ივლის-სექტემბერში, გამოკითხვის ობიექტს ძირითადად წარმოადგენდნენ დევნილები - იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე მესაკუთრეები ან მათი კანონიერი მემკვიდრეები. კვლევა ჩატარდა სამეგრელოს, იმერეთის რეგიონებში და ასევე ქ. თბილისში.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობის აზრის გამოხატვა მათ საცხოვრებელსა და მიწაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის აუცილებლობის შესახებ და საერთაშორისო სასამართლოებში ამ დოკუმენტების სტატუსისადმი მათი დამოკიდებულება. ამასთან, კვლევის მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდა ამ პრობლემისადმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი და რეგიონული ლეგიტიმური სტრუქტურების როლის, ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება.

პრეზენტაციას, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

შეკრებილი საზოგადოებრიობის წინაშე პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ვრცლად ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფენიქსი-სოხუმი“-ს პროექტების კოორდინატორმა ალექსანდრე თურქიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ნანა გაბელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა  მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი,  ამავე სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი დავით ჭედია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

მოხსენებებით წარსდგნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფენიქსი-სოხუმის“ ხელმძღვანელი იური თურქია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის წევრი ირაკლი დბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი მამუკა ჟვანია. გაიმართა საქმიანი დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, ელგუჯა გვაზავამ, ანზორ წოწონავამ, რაისა ქარაიამ, თემურ მჟავიამ, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას შემაჯამებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაწეული მუშაობისთვის. მისი თქმით, „კვლევა გვიჩვენებს, რომ აღნიშნული თემა ძალიან აქტუალურია დევნილი მოსახლეობისთვის. ამასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოში შექმნილია ორი დოკუმენტი, რომლებიც უკვე გადაგზავნილია საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში შესაბამისი რეაგირებისათვის. რაც ყველაზე მთავარია მუშაობა დაწყებულია და იგი არ შეწყდება“. „ხოლო მოსაზრება, თითქოს ქონების რეგისტრაციის შემდეგ დევნილები გაყიდიან ამ ქონებას - ცილისწამებაა. რუსეთი ითხოვს ამ ქონების შესყიდვის უფლების მინიჭებას, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლება არ უნდა მივცეთ“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ. ამასთან, იგი ვერ ხედავს წინაპირობას, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეთ დევნილებს საკუთარ ქონებაზე რეგისტრაციის უფლება.