აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა „თეთრმა ტალღამ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგატროლო ტურნე გამართა

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ,,თეთრმა ტალღამ'' ნოდარ დუმბაძისა და გურამ ოდიშარიას მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „გამარჯობა, სოხუმო“  წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ზუგდიდსა და ჭუბერში წარმოადგინა.

თეატრ „თეთრი ტალღის“ საგასტროლო ტურნე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - ,,კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა" - ფარგლებში შედგა.

სპექტაკლს როგორც ადგილობრივი, ასევე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დაესწრო.  დამსწრე მოზარდებს კი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენლებმა   საახალწლო საჩუქრები დაურიგეს.

პროფესიული გადამზადების კურსის მონაწილე დევნილებს სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ხუთმა დევნილმა ,, მცირე ბიზნესის გენერირებისა და მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, პროფესიული გადამზადების კურსი ესთეტიკის აკადემია „კურაჟში“ გაიარა. კურსის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა, ლევან თევზაიამ და ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის’’ ხელმძღვანელმა ვახტანგ ფოჩხუამ გადასცეს. მინისტრმა ახალგაზრდებს პროფესიული პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პროგრამის მიზანია დევნილი ბენეფიციარების სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ნანა გაბელიამ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ვოლსკისთან სამუშაო შეხვედრა გამართა
დღეს, ნანა გაბელიამ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ვოლსკისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე მინისტრმა, გიორგი ვოლსკის მიმდინარე პროექტები გააცნო და უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მათ შორის, ყურადღება გაამახვილა 17 დეკემბერს დაგეგმილ ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმის შესახებ.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობაზე შეთახმდნენ. პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა.
აფხაზეთის მთავრობის წევრები აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივი მიაგო დაღუპულების ხსოვნას.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

8 იდენტიფიცირებული ცხედრის (5 სამხედრო პირი, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 4 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დავით ფაცაცია აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.
8 იდენტიფიცირებული ცხედრის (5 სამხედრო პირი, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 4 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე მონაწილეობდნენ.

მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული დე-ფაქტო ანექსიის პროცესი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით გააქტიურებულ ნაბიჯებზე. ამ კონტექსტში მწვავედ დაისვა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის „პროგრამის” განხორციელებისა და საოკუპაციო რეჟიმებთან ბოლო პერიოდში დადებული ე.წ. შეთანხმებების საკითხი, რომელთა მიზანი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში შთანთქმაა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული დესტრუქციული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობას წარმოადგენს.

საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი. მათ ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევებზე, ასევე, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელების თაობაზე ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ქართველი მონაწილეების მხრიდან აღინიშნა აგრეთვე, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის ფართო ესკალაციის მიმართულებით.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებზე და მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც მწვავედ დასვეს ირაკლი ბებუას წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემა და ხაზი გაუსვეს საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება და ისაუბრა აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხზე.

მოლაპარაკებებზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები. კვლავაც მწვავედ დაისვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების უცხოელებად დარეგისტრირება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის თემა. ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე, კოდორის ხეობის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის 2 წლის განმავლობაში ჩაკეტვისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობის იზოლაციის უაღრესად მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ ახალგორის რაიონში შექმნილმა ჰუმანიტარული კრიზისმა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი სახლების დატოვება და რაიონის დაცარიელება გამოიწვია. ხაზი გაესვა ორივე რეგიონში დაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობოდ გახსნისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

საქართველოს დელაგაციამ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გაძლიერების საჭიროებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა.

საგნობრივი განხილვა შედგა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზებზე, მათ შორის, 3 წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენენ და შესაძლებელს გახდიან ამ მნიშვნელოვანი ფორმატის შეხვედრების შეყოვნების გარეშე განახლებას.

მოლაპარაკებების ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა.

მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა დღის წესრიგის მთავარი თემები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და მას პირნათლად ასრულებს. ამასთან, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააქტიურებული მილიტარიზაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რფ-ის სამხედრო სისტემაში ინტეგრაცია ისევე, როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცებები მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებად და ძალის გამოყენების მუქარად შეაფასა. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებით.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა მედიცინის სფეროს ექსპერტთა ტექნიკური შეხვედრა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებულ თემებზე. ამასთან, მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა სამუშაო ქვე-ჯგუფის შეხვედრა გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე, რა დროსაც მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზე.

ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, ანიკა სოდერს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2022 წლის 29-30 მარტს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

ლევან თევზაიამ სტიპენდიების გამარჯვებული დევნილი ახალგაზრდები დააჯილდოვა

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა, ლევან თევზაიმ, მოადგილეებთან და „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ ხელმძღვანელთან, ვახტანგ ფოჩხუასთან ერთად, კონკურსში ,,ჩვენი დროის გმირები“ გამარჯვებულ დევნილ ახალგაზრდებს, თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიასა და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ,,მისასალმებელი და სასიხარულოა, რომ ასეთ კონკურსებში აქტიურად მონაწილეობს ახალგაზრდა თაობა და მათი მხრიდან ჩართულობის მაღალი ინტერესია. აღნიშნული კონკურსი ემსახურება, არა მხოლოდ ახალგაზრდების წახალისებასა და მოტივაციის გაზრდას, არამედ იმ ადამიანების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, რომლებმაც საქრთველოს უახლოეს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.’’-განაცხადა ლევან თევზაიამ. კონკურსის ფარგლებში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა, ახალგაზრდები მათი ნაშრომის - „ესსეს“ საფუძველზე შეფასდნენ. პროგრამა ა(ა)იპ-მა „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ განახორციელა.

 

აფხაზეთის მთავრობის წევრები სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 8 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (5 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ხვალ ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

აფხაზეთის ა/რ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი ჩატარდა
ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში - “ჩვენი აფხაზეთი“ - ორგანიზებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურისა და აფხაზეთის ა/რ მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მიერ.
 
ტურნირის ჩემპიონი გახდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი - გიორგი გვასალია, ხოლო მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს გუნდის წარმომადგენელმა ჟიული შოგირაძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის გუნდის წარმომადგენელმა გიორგი გაგილაძემ.
 
ტურნირი მიზნად ისახავდა საჯარო სამსახურებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობასა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას.
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შშმ მოზარდებთან შეხვედრა გაიმართა.
 
მოზარდებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ. შეხვედრას სტუმრობდა პარამოფარიკავე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრების წევრი ირმა ხეცურიანი, რომელმაც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.
 
აქვე სერტიფიკატები გადაეცათ ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო/საშუალო სკოლების სპეციალურ პედაგოგებს, რომლებმაც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროფესიული გადამზადება გაიარეს.
 
ბოლოს მოზარდებს საჩუქრები გადაეცათ. მათთვის მუსიკალური ნომრები შეასრულა გოგონათა ანსამბლმა „გუმბათმა“.
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის (FMC) დანერგვას გეგმავს

აღნიშნული საკითხის გარშემო არსებულ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რაულ წულაიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) უფროსის მოადგილემ ირმა გელანტიამ დეტალურად მიმოიხილეს ის პროცედურები, რომელიც სამინისტრომ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავების/დანერგვის პროცესში უნდა გაიაროს. შეხვედრისას, ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლებმა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის თემაზე პრეზენტაცია წარადგინეს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს თავიანთი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს. ჰარმონიზაციის ცენტრმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და სამინისტროს სისტემის (FMC) დანერგვის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.

l

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით დავით ფაცაციას მოუსმინეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პლენარულ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია ინტერპელაციის წესით დეპუტატების წინაშე წარსდგა და მათ მიერ წერილობითი დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრმა წარადგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში და სამომავლო გეგმები.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 დებატებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, რაისა ქარაია, ადა მარშანია, ნუგზარ მგალობლიშვილი, რუდიკ ცატავა, ელგუჯა გვაზავა, ანზორ წოწონავა.

სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

 სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

 

 

 

 

რუსლან აბაშიძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ასოციაციის მიერ შექმნილ ელექტრონულ სასწავლო  პროგრამებზე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, აღნიშნული ციფრული პროგრამების მიწოდებისა და გამოყენების მიზანშეწონილობაზე დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები თანამემამულეებისათვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას. გამოიკვეთა ორივე მხარისთვის საინტერესო და საჭირო მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები და  სფეროები.

შეხვედრას აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია და პროფესიული განათლების ექსპერტი ნიკოლოზ მესხიშვილი ესწრებოდნენ.

ეკა ხოფერიამ სამინისტროს მიერ გარემონტებული აფხაზეთის №14 საჯარო სკოლის დარბაზი მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ქ. ზუგდიდის სოფელ ახალკახათში მდებარე აფხაზეთის №14 საჯარო სკოლას ესტუმრა და გარემონტებული სააქტო დარბაზი დაათვალიერა. მინისტრი სკოლას დარბაზის გარემონტებას რამდენიმე თვის წინათ სტუმრობისას შეჰპირდა.
 
დარბაზის რეაბილიტაცია სამინისტრომ ქვეპროგრამის „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების“ ფარგლებში უზრუნველყო.
 
ეკა ხოფერია სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციას სხვა საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
ბოლოს გარემონტებულ დარბაზში მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის გიორგი აფხაზის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
ნანა გაბელია იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის
გიორგი აფხაზის ნამუშევრების გამოფენას დაესწრო.
 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის ფერწერული ნამუშევრების, გრაფიკისა და სასცენო ილუსტრაციების გამოფენას დაეწსრო.
 
გამოფენის შემდეგ, გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვართან მამა იოანესთან, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კონსტანტინე სურგულაძესთან და დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
 
ღონისძიება, იტალიაში მცხოვრები ქართველი მკვლევარის, ნენო გაბელიას ორგანიზებით ჩატარდა.
 
საფლავი ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ და 2018-2019 წლის პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ გამარჯვებულმა ნენო გაბელიამ მოიძიეს.
 
გიორგი აფხაზის საფლავის განახლება იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით და ინიციატივით განხორციელდა.
 
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.