მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა ზუგდიდში ჩირის საწარმო გახსნეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტერ მიკისკამ ქალაქ ზუგდიდში ჩირის საწარმო გახსნეს. მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა, აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. სტუმრები ასევე ჩირის საწარმოს ფუნქციონირების სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

სოციალურ საწარმოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დასაქმდნენ. საწარმო ათასობით აფხაზეთიდან დევნილს მოემსახურება და მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მოახდინოს მოსავლის რეალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტერ მიკისკამ.

პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაცია „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის“ ახორციელებს.

დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა წიგნის „პრაქტიკული რეკომენდაციები ხილ-ბოსტნეულის ჩირებისა და ცუკატების წარმოების საკითხებში“ პრეზენტაცია, რომელიც დამწყებ მეწარმეებს მცირე ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია ესწრებოდნენ.