მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „2021 წლის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“ მოხსენებით წარსდგა.

რუსლან აბაშიძის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და იქ ლეგიტიმურად მცხოვრებ მოსახლეობას შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს. მთავრობის თავმჯდომარის შეფასებით, გასულ წლებთან შედარებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სახელმწიფოს სხვა სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდა, რაც დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.

რუსლან აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან ურთიერთობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სამინისტროებთან თანამშრომლობით ბევრ საინტერესო პროექტს და იდეას ამუშავებს.

მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციის მიმართულებებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ იმ რეგიონებში, სადაც განთავსებულია დევნილთა კომპაქტური დასახლებები, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული დევნილი მოსახლეობის უფლებები და გაუმჯობესდეს მათი საცხოვრებელი პირობები.

სხდომის დასასრულს, რუსლან აბაშიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით, მზადყოფნა გამოთქვა.