მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
პარლამენტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც  საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას გმირობასა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სოხუმის დაცემის დღე არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიდი ტრაგედიის დღე, რომელმაც ამავე დროს გმირობის არაერთი მაგალითი მისცა ქვეყანას. მისი თქმით, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პარლამენტისთვის, როგორც საქართველოს ეროვნული გმირის, ისე ზოგადად, აფხაზეთის ომის და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის საზოგადოების წინაშე.

27 სექტემბრისთვის საგანგებოდ მოწყობილ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტორეპორტიორ შახ აივაზოვის მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა.

დღესვე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებითი პროექტის ფოტოგამოფენა „საგანძური“ გაიმართა. საექსპოზიციო მასალები 2008 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს მხარდაჭერით შეიქმნა. საგანძურმა უკვე იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.