აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე რუსთაველის თეატრში გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართა კონცერტი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ქალთა გუნდის და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მონაწილეობით.
შესრულდა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები. საიუბილეო საღამოს ფარგლებში თბილისში პირველად აჟღერდა 12 წლის ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოები ,,ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის", რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ გერმანიაში გაიმართა.
ღონისძიება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა და საზეიმო კონცერტს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.