მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძემ კონფერენციაში „შიდა კონტროლის სისტემა ეფექტიანი მმართველობისთვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით პრაქტიკული კონფერენცია „შიდა კონტროლის სისტემა ეფექტიანი მმართველობისთვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ გაიმართა.

კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა. მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. „მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო ჩვენს მთავრობაში. სამი წლის განმავლობაში შევეცადეთ გაგვეტარებინა რეფორმები ყველა უწყებაში, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებასთან იყო დაკავშირებული. რეფორმების შედეგად გაიზარდა ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი. განვახორციელეთ ძირფესვიანი ცვლილებები და მოვახდინეთ ოპტიმიზაცია,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გელანტია-ახვლედიანმა წარმოადგინა პრეზენტაცია „შიდა კონტროლის სისტემა ეფექტიანი მმართველობისთვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ - თბილისიდან - სოხუმამდე კარგი მმართველობის ასაშენებლად. კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ლევან თევზაიას პრეზენტაცია „ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის (FMC) ინტეგრირება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში“, რომელიც დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ FMC-ის პირველი ეტაპის კომპონენტების დანერგვით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაუმჯობესდება ბიუჯეტის დაგეგმვის ხარისხი და ფინანსური კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს რესურსების ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას. აგრეთვე, თავის მხრივ მენეჯერული უფლებამოსილების დელეგირება უზრუნველყოფს სამინისტროს სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე მდგომი მენეჯერის დაწესებულების საქმიანობის მართვაში ჩართულობის ხარისხის ზრდასა და რესურსების ეფექტურ მართვას.

2023 წლისთვის სამინისტროს მიერ იგეგმება, კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან გაფორმებული შეთანხმებების შინაარსობრივი და მიზნობრივი სრულყოფა.

კონფერენციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.