„გარდენ ჰოლში“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის ნომინანტებს სპეციალური პრიზები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და პროექტის ავტორებმა გადასცეს.
პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო ჟურნალ „სითისა“ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ონლაინ პლატფორმებზე.
პროექტი უკვე მესამე წელია იმართება და მიზნად ისახავს გააცნოს საზოგადოებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან. კონკურსის შედეგად შეირჩა საუკეთესო და საინტერესო ისტორიის მქონე ათი გმირი, რომლებზეც მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდეგ გამოქვეყნდება ჟურნალ „სითი“-ში. მასალა ასევე განთავსდება გამომცემლობის ონლაინ პლატფორმასა და სააგენტოს ვებგვერდზე.