საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა და წლევანდელი ლაურეატები აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ - ქორეოგრაფიული და მუსიკალური პროგრამისთვის - „ქორეონიკონი“, ჯეირან ბასარია - ფერწერული ნამუშევრებისთვის, ვანო ქავშბაია - ფერწერული ნამუშევრებისთვის, დარიკო ფიფია - პოეტური კრებულისთვის „ორი მზე“ გახდნენ. გამარჯვებულებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და ჟიურის წევრებმა გადასცეს.
პრემია ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და ენიჭება პირს ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში შექმნილი მნიშვნელოვანი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის მაღალი იდეალებით. საკონკურსო ნაწარმოები (ნაშრომი) უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პოპულარიზაციას.