აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 11 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (8 სამხედრო - ოთარ გაგუა, რევაზ კვარაცხელია, ვახტანგ ხოჯანაშვილი, ბიძინა უშხვანი, ზვიადი უშხვანი, ბორის ბერულავა, სპირიდონ (ფრიდონ) თირქია, ხვიჩა დეკანოსიძე და 3 მშვიდობიანი მოქალაქე - გიორგი ჯოხაძე, ოთარ თუთისანი, იური მაჭარაშვილი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.