„გარდენ ჰოლში“ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად ძალოსანი - კახი ასანიძე, ძალოსანი - საბა ასანიძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე - ლუკა ღვინჯილია, მოციგურავე - ლუკა ბერულავა, პარამოფარიკავე - ირმა ხეცურიანი, მაგიდის ჩოგბურთელი - ანასტასია ჩხარტიშვილი, ძალოსანი - მარიამ მურღვლიანი, ძიუდოისტი - გიორგი გეგია, რაგბის კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელი - ლევან ჯობავა, საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტი - გოდერძი ჩიხრაძე დასახელდნენ.
სპორტსმენებს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ გადასცეს. ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება. ნომინანტების შერჩევა სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე, საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ ხორციელდება.