„დიალოგი მშვიდობისთვის“ კონფერენციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ საზოგადეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
რუსლან აბაშიძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე და დაგეგმილ იმ პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხორციელდება. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სამშვიდობო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.
კონფერენცია სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი საზოგადეობის ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად მათ კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. შეხვედრაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ღვაწლმოსილი ადამიანები მონაწილეობდნენ.