მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის 1921 წლის 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რადგან მრავალმა ქართველმა თავი შესწირა სამშობლოს თავისუფლებას. მათმა ღირსეულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და წლების შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა.

ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ მშვიდობიანად, პროგრესით და განვითარებით. ჩვენ მას აუცილებლად გამარჯვებით დავასრულებთ.

დღეს ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, სადაც მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველყოფილია“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.