მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ასოცირებულმა პროფესორმა რომინა გურაშმა მოაწერეს.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ხელმომწერი მხარეები ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებს განახორციელებენ, რაც მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ამასთანავე, ამ მიმართულებით იგეგმება, მინისტრის აპარატის მიერ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება, რომელთა ფარგლებში წარმოდგენილი ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომები პუბლიკაციების სახით დაიბეჭდება.

ასევე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს კონფლიქტების შესახებ უნივერსიტეტში დაცულ სამეცნიერო ნაშრომებს გაეცნენ და  რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კონფლიქტოლოგიის თემაზე გამოცემული ქართულენოვანი წიგნები გადასცეს. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა ესწრებოდა.