აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
„დღევანდელ თარიღს ორი განსხვავებული ისტორიული კონტექსტი აქვს. 1989 წლის 9 აპრილი ერთდროულად უდიდესი ტრაგედიის და სიამაყის დღეა. ამავდროულად, დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის სიძლიერისა და შეუდრეკელობის სიმბოლო. ეს მოვლენა იყო იმის მაჩვენებელი, რომ საფრთხისა და გამოწვევების წინაშე ჩვენი ხალხი თავს არასდროს დახრის.
ქედს ვიხრი და პატივს მივაგებ იმ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის თავისუფლებას. სწორედ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო ის იდეალი, რომლებსაც ჩვენი თანამემამულეები შეეწირნენ. ჩვენი ვალია მუდამ გვახსოვდეს მათი თავგანწირვა, რადგან დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. მათი თავდადება არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო.
დღეს საქართველო დემოკრატიული, წარმატებული და თავისუფალი სახელმწიფოა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო პროცესი, რადგან მჯერა, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.