მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აჭარაში ე.წ. კომპენსირებულ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ აჭარაში ე.წ. კომპენსირებულ დევნილებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი  მურად აბლოთია დაესწრნენ.

ე.წ. კომპენსირებული დევნილების პრობლემების განხილვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მწვავე პოლემიკის რეჟიმში წარიმართა. დევნილები აცხადებენ, რომ ისინი მცირე ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ სხვადასხვა სასტუმროებიდან გამოასახლეს, ყოფილმა ხელისუფლებამ მათ თანხა ძალის გამოყენებითა და მოტყუებით ააღებინა, ამ თანხით ვერაფერი შეისყიდეს, უბინაოდ არიან და ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკითხი საკმაოდ პრობლემურია, აუცილებელია მოიძებნოს გამოსავალი და არ დაირღვეს სამართლიანობის პრინციპები. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები კოორდინირებულად იმუშავებენ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად და ე.წ. კომპენსირებული დევნილები მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციასაც მიაწვდიან.