აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით დღევანდელი დღე მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად მომავალი თაობებისთვის უზრუნველყვეს უსაფრთხო სამყაროში ცხოვრება. ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ იმით, რომ საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში.
სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ასევე ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას ვზეიმობთ. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია ძლიერი ევროპული ოჯახის წევრობა, რადგან სწორედ ევროპა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის და კეთილდღეობის გარანტია.
დღეს, საქართველო, ისე როგორც არასდროს ყველაზე ახლოს არის ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებასთან. ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული ტემპებით მიიწევს წინ მნიშვნელოვან გამარჯვებამდე და ძალიან მალე საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას! საქართველოს და მსოფლიოს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას.“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.
9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.