აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ჯვარში, პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ კურსდამთავრებულებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ სასწავლებლის შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ასევე სტუდენტების სასწავლო და პრაქტიკულ სამუშაო გარემოს გაეცნო.
კოლეჯის ბაზაზე, ამ ეტაპზე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან პროფესიული განათლება ექვსმა ახალგაზრდამ მიიღო. მათ „შიდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალისტის“ პროფესიულ პროგრამაზე ოთხთვიანი სასწავლო კურსი გაიარეს. პროგრამა გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის, პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
დღესვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, რუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერში მოქმედი, ახლადაშენებული სახელოსნო მოინახულა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" თანამშრომლობით ხორციელდება. სახელოსნოში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები „ხის მხატვრული დამუშავების“ პროფესიულ პროგრამას ეუფლებიან.
კოლეჯი „ლაკადა“ სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით უზრუნველყოფს სტუდენტთა პროფესიული განათლების მაღალი დონის მიღწევას რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებასა და დასაქმებაზე.
ღონისძიებაზე რუსლან აბაშიძემ აღნიშნა, რომ ხარისხიანი პროფესიული განათლება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. მთავრობის თავმჯდომარემ კოლეჯის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების დახმარებისთვის და კოლეჯის სამომავლო განვითარების საქმეში მხარდაჭერას დაჰპირდა.
შეხვედრებში კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეანა ქუხილავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ფონდ „აფხაზეთის“ წარმომადგენელი დაჩი ახვლედიანი და კოლეჯის ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.