მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. გამომსვლელებმა იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც  ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა და სტუდენტებმა განახორციელეს.

სტუდენტების კარიერული განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ფაკულტეტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, უნივერსიტეტის რექტორმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ ნანა გაბელიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიას მადლობის სიგელები გადასცა.

უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, საუკეთესო ნაშრომების ავტორები სხვადასხვა ნომინაციაში. ღონისძიების ფარგლებში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია გადაეცათ სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები.

ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.