„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მინდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით იჩენს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობას, რომელიც მუდმივად გვერდით გვიდგას და მათი მხარდაჭერით დღეს დევნილ ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ ბათუმში, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დასწრებოდნენ და ამ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის მონაწილეები გამხდარიყვნენ“, - რუსლან აბაშიძე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ „ნორჩი ფეხბურთელების“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ. ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის „სფფ – აკადემია რუხი“-ს ტერიტორიაზე პროექტი „ნორჩი ფეხბურთელები“ მიმდინარეობს, სადაც მოზარდები 10-დღიან საზაფხულო სპორტულ შეკრებას გადიან და საფეხბურთო წვრთნებს კვალიფიციური სპეციალისტები უტარებენ.