მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაურმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

„დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა ჩვენს უახლოეს ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა სამოქალაქო და სამხედრო პირს, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დიდი ადამიანური მსხვერპლის, ტერიტორიული მთლიანობის დროებით მოშლის მიუხედავად, მთავრობა აგრძელებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველა ღონეს მიმართავს დეოკუპაციისა და დაპირსპირების მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეაფასოს და გააანალიზოს ბოლო 31 წლის მანძილზე მიმდინარე მოვლენები. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი საზოგადოების გაერთიანების მიზნით სრულყოფილად ჩავერთოთ მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

მჯერა, რომ ჩვენ აფხაზ და ოს მეგობრებთან ერთად - ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ნდობის აღდგენას, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ თანაცხოვრებასა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის მშენებლობას.“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე  აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.