მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს თეიმურაზ დოჭვირს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებით აღნიშნა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, საერთო კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების სათანადოდ შესწავლის, თავმოყრისა და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემის, ახლად მოძიებული ისტორიული ფაქტებისა და მდიდარი საარქივო დოკუმენტების მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის მთავრობის სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა აღნიშნა, რომ რუსთაველის ფონდი ახორციელებს და მომავალშიც მხარს დაუჭერს მსგავსი მიმართულების მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მსოფლიო კულტურულ და სამეცნიერო სივრცეში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ემსახურება. 

შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა უწყებებს შორის სამომავლოდ განსახორციელებელი ერთობლივი ღონისძიებები.

სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.