მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
თბილისის საკრებულოში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

თბილისის საკრებულოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიების მიზანს მეწარმე ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის საზოგადოებაში პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

სტუმრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და თბილისის საკრებულოს გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. რუსლან აბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას დევნილი მეწარმეების ხელშეწყობაზე და მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილი მეწარმეების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

გამოფენას თბილისის საკრებულოს წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.