აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დავით დარახველიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხების მოგვარების მიმდინარე პროცესს, მათ შორის ახალი მშენებლობებისა და არსებული კორპუსების რეაბილიტაციას. ყურადღდება გამახვიდლა დევნილთა ხელახალი რეგისტრაციისა და რიგი სოციალური პრობლემების საკითხებზე, ასევე იმსჯელეს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობების ხარისხზე, რის გამოც დევნილთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
დავით დარახველიძემ მშენებლობის პროცესში დევნილთა დასაქმების აუცილებლობასა და აჭარაში მცხოვრები ე.წ. კომპენსირებული დევნილების საკითხებზეც ისაუბრა.
აღინიშნა სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის რეგიონალური სამსახურების მჭიდრო და ურთიერთ შეთანხმებული მუშაობის აუცილებლობა.
შეხვედრის დასასრულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.