მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო პირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 17 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (21 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში  გახდა შესაძლებელი.