მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „აფხაზეთის არქივი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მემატიანე“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრთან თანამშრომლობით გამოფენა „აფხაზეთის არქივი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მემატიანე“ მოეწყო.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ მიმართეს.

ღონისძიებაზე პროექტის პრეზენტაცია აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ, გაზეთების მფლობელ როლანდ რუხაძესთან და გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქტორ გულიადა ჭკადუასთან ერთად წარადგინა. როლანდ რუხაძეს, რომელიც 19 წლის განმავლობაში ინახავდა 1986-1992 წლებში გამოცემულ გაზეთებს, აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო და სამოქალაქო  საზოგადოებებისათვის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე დაფუძნებული საარქივო მასალის გაცნობასა და ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.