მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია „შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია თემაზე „შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.

კონფერენციის მიზანი იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული  ფერმერი მეწარმეებისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი იმ მიზნობრივი პროგრამების და პროექტების გაცნობა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ სოფლის მეურნეობის პირველად და მეორად წარმოებაში ჩართულმა ფერმერებმა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ გახსნა.

კონფერენციის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, ძირითადად კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული მცირე და საშუალო ზომის მეურნეობების წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებული ფერმერები და მეწარმეები გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკებს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.