მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ანგარიშს დაესწრო

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.

ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა.  

„საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის მთავრობამ ყველა განკარგულების გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საერთაშორისო რეიტინგებზე, სადაც საქართველოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით პოზიტიური მაჩვენებლები აქვს და განაცხადა, რომ, ამის მიუხედავად, ხელისუფლება მიღწევებით არ კმაყოფილდება.

„გვსურს, ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მიზანი სავსებით მიღწევადია და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.