მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 4-5 აპრილს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე გააკეთა, როგორიც არის რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნება.

მოლაპარაკებებზე ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე და ცალკეულ დესტრუქციულ  ქმედებებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე მდგომარეობას.

დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხის - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნება, განხილვისას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებები.

სამწუხაროდ, აღნიშნულ რაუნდზე ვერ მოხერხდა შედეგების მიღწევა მოლაპარაკებების ვერცერთ მნიშვნელოვან საკითხზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2024 წლის 25-26 ივნისს გაიმართება.