მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 25-26 ივნისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. კერძოდ, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნებაზე. 

მოლაპარაკებებზე ქართულმა დელეგაციამ მორიგ ჯერზე  დასვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებების შედეგად წარმოქმნილი რთული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხი.  
 
ქართულმა მხარემ ასევე შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და დაგმო 9 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, ასევე,  მიმდინარე წლის მარტში ორივე ოკუპირებულ რეგიონში გამართული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, მათ მიერვე დამკვიდრებული  პრაქტიკის გამოყენებით, კიდევ ერთხელ დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა, რითაც ჩაშალეს მოლაპარაკებები. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. 

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.