მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. 16 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს. ქედს ვიხრით და პატივს მივაგებთ ჩვენი დაღუპული გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, რადგან მათი წვლილი განუზომლად მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მისი დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში.

ჩვენ დღესაც გვიწევს რუსეთის ინტერვენციისა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკლავება. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ქვეყნის ხელისუფლებამ კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი კურსი აირჩია, რადგან ეს არის ქვეყნის დეოკუპაციის უალტერნატივო გზა ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისკენ.

ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული ტიპის საქართველოს ვაშენებთ იმისათვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახელმწიფო ქართველი, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, სადაც დაცული იქნება ყველა მოქალაქისა და ეთნიკური ჯგუფის როგორც იდენტობა, ისე უფლებები.

დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით შევძლებთ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენასა და მათ გაერთიანებას საერთო ინტერესების გარშემო“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.