1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
„14 აგვისტო აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ათვლის წერტილია. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის.
მუდამ გვემახსოვრება ქვეყნის ერთიანობისა და ღირსების დაცვისთვის ბრძოლაში დაღუპული ჩვენი ვაჟკაცი გმირები. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე, თანავუგრძნობთ ოჯახებს და ამავდროულად პატივისცემას ვუდასტურებთ სიმამაცით შთაგონებული გმირების აღზრდისთვის.
32 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან. ვფიქრობ, საკმარისი პერიოდია იმის გასაცნობიერებლად, რომ შექმნილი მდგომარეობა და განგრძობადი ოკუპაცია არ შედის არც ქართული და არც აფხაზური საზოგადოებების ინტერესებში.
დიალოგის გზით უნდა მოვძებნოთ პრაგმატული გამოსავალი, ვიმსჯელოთ გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანებაზე, საერთო მომავალსა და ინიციატივებზე, რომლებიც მოსახლეობის უფლებების დაცვაზე, კეთილდღეობასა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე იქნება ორიენტირებული.
მჯერა, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის დეოკუპაციას და ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.